ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Thursday, March 4, 2010

ნათლისცემის დღე

1.

გამოჩნდა იგი, ვინაც ცოდვა ჩვენი იტვირთა,

გამოჩნდა იგი, ვინც წყვდიადი გამოარღვია,

ვინც ჯვარცმით გვითხრა, დედამიწა დიდი სახლია

ცოდვის, რომელშიც სიყვარული გამოიფიტა.

გამოჩნდა იგი...დაწერილი, აჰა, აღსრულდა,

სადუკეველთა რისხვა მოდის, რისხვა ავსულთა,

ასე მართალი, ასე ჩუმი და უწყინარი;

ბრბო გაოცებას ვეღარ მალავს: ,,ღმერთო, ვინ არი?!’’

გამოჩნდა იგი, იოანე ვისაც ელოდა,

ბედნიერია დღეს მარტვილი ნათლისმცემელი...

ო, გიხაროდეს, იუდეა...მაგრამ ჰეროდე?-

რას იტყვის მეფე,-ეს ურწმუნო გალილეველი...

წყნარია ზეცა...გაირინდა ირგვლივ ტყე-ველი

და არემარეს უცხო შიშმაც გადაუარა...

დრონი მეფობენ, რა თქმა უნდა, დრონი-მეფენი,-

საკითხავია, ეს ანტიპას ესმის თუ არა.

გამოჩნდა იგი, უფლის კრავი, უფლის ტარიგი,

გამოჩნდა იგი, რწმენის თუნი, თვალსხივოსანი...

ანგელოზების შორეული ისმის ოსანა,

უკვე დრო არი, დავიჭიროთ სხვა თადარიგი...

და ექოსავით სადღაც მიაქვს ხმაურს მდინარის

ბრბოს გაოცება: ,,მომავალი, ღმერთო, ვინ არი?!’’

უკვე დრო არი...ისიც მოდის მარტო...ციერი...

წყნარია ზეცა...ჩუმად შფოთავს ძეხორციელი.


2.

დღეს სხვა სინათლით აღივსება რწმენის კუნძული,

აღიბეჭდება სხვა ნიშნით და სხვა სიმბოლოთი...

ჯანსაღს ჯანსაღი დაერქმევა, უძლურს-უძლური,

კეთილს-კეთილი, უწინარეს, ბოროტს-ბოროტი.

ჟამი კი მაინც იღრინება, ჟამი- ცერბერი,

თუმც სამერმისოდ ისევ ეძებს ნექტარს ფუტკარი...

დგას იოანე, როგორც რწმენის ციხე ბებერი,

მოდის ნათელი-უფრო ღრმა და თვალშეუდგამი.

მოდის მესია, როგორც მშვიდი მეუდაბნოე,

ამ მიწიერი ნეტარების მიწყივ დამთმობი...

ამიერიდან შეემატოს უკვდავ მნათობებს

უპირველესი და მნათობთა შორის მნათობი.

დგას იოანე...უპოვართა შორის მხოლოდ ის,

დიდი ხანია, შეეგუა მოსვლის მოლოდინს;

ფარისეველნი შესცქერიან ეჭვით, ამრეზით

და წინ სამყარო მოჩანს, როგორც სხვა ასპარეზი...

და იორდანეც ბრწყინავს, როგორც დიდი ემბაზი,

განწმენდილი და ურწმუნოთა განსაწმენდელი,

მოდის...ვინც უნდა მოსულიყო დაბადებამდე,

ძე ჭეშმარიტი...მტკიცე, როგორც ნათლის კედელი...


3.

ბედნიერი ხარ! –ეს რა ხვედრი გერგო, მდინარევ,

შენ თბილ წიაღში მაცხოვარი მოინათლება...

გადმოვა მადლი სულიწმინდის და, უწინარეს,

მიწა მზესავით გაბრწყინდება, ცა განათდება;

რომ სამერმისოდ საუკუნოდ მადლმა იხაროს,

ხემ სიკეთისამ რომ მოისხას ტკბილი ნაყოფი...

რომ სიყვარულით ოდნავ მაინც მიგვაახლოვოს

რწმენას, ვით მიზანს, როგორც საზრისს ყოფნა-არყოფნის.

თუმც მედროვენი, როგორც ახლა, მას უარყოფენ,

უარყოფა და ქრისტეს ჯვარცმა მათი წესია...

ჰოი, ცოდვილნო, გიხაროდენ!...ჟამი ახლოა,

ჩვენი სულების დასახსნელად მოდის მესია.

No comments:

Post a Comment