ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Tuesday, March 2, 2010

მოგზაური

ეძღვნება გურამ დოჩანაშვილის დომენიკოს...

საით, ჩემო, დომენიკო, გულუბრყვილო რაინდო… ეს ქვეყანა უკეთური, კეთილს როგორ დაგინდობს. ეს ქვეყანა გულცივია, სითბოს ვერ გიწილადებს… წყვდიადს როგორ გაანათებს, მაგ თვალების სინათლე. რაც არ უნდა ცრემლი ღვარო, ამ ურიცხვი განძითაც… შენ სიყვარულს ვერ იყიდი, სიყვარული გაძვირდა… შენ სიმართლეს ვერ იპოვი, ამ სოფელში, იცოდე… ობოლსა და მშიერ-მწყურვალს, არვინ არ შეგიცოდებს… ამ ქალაქშიც ყველას თვისი, გასაჭირი ეყოფა… გულში არვინ ჩაგიხუტებს, უღალატო მეგობარს. საით, ჩემო დომენიკო, გულნამცეცა, გულდიდავ… საით, ბიჭო, აფრენილო, მარტოობის ბუდიდან. ბოროტმა არ გივერაგოს, ავსულმა არ გაგთვალოს… საით, ნათლით შემოსილო, უფლის მადლით გამთბარო. როგორც იქნა, გაგეღიმა, მიეჩვევი ღიმილსაც… ტერფს გისუსხავს ცივი მიწა, თვალებს გილბობს თბილი ცა… სხვას აღმერთებს შენი სატრფო, უკვე დიდი ხანია… გაფრენილან ოცნებებიც როგორც ანა-მარია… თუმც ვერასდროს ვეღარ დათმობ, თვალხილული იმ ერთას… გულის ფსკერზე გისვენია, სიყვარული იმედად. თურმე იყო საარაკო, დღეს სადღაა არაკი… საით მიდის ქარავანი, შენი ლამაზ-ქალაქის. აქ სხვა ხალხი ზარ-ზეიმობს, სხვა ფიქრით და ოცნებით… აღარც ყარაჩოღელი ჩანს, აღარც ძველი მგოსნები. ქათქათა და მართალია, ზეცა უკიდეგანო… მეშინია, შეუბღალავს, მტერი არ მიეკაროს. არ ყოფილხარ არასოდეს, ართვალი და ჯაბანი… ვით ბერმუხა წინაპრები, ბრძენი პაპის-პაპანი… რაღას იზამ, უიღბლობა, გულმართალთა ხვედრია… როგორც ჩუმი პილიგრიმი, ვერ მოიშლი ხეტიალს. გზა- სავალი არ ილევა, ლამისაა დამუნჯდე… ოხვრით მზერას გააყოლებ, იავარქმნილ საუნჯეს… ღირსეულად უნდა ვლიდე, რადგან უფლის კაციხარ… თიხისაგან მოზელილი, რომ მიიქცე კვლავ თიხად. შუბლი ქარებს მიუშვირე, მამის ნაამბორალი… თუ გააღწევს, ნეტა ლეთას, შენი ბედის ბორანი. გაადალახე რუბიკონი, გაარღვიე ტინები… იობივით წამებულიც, ბედს ნუ აუტირდები. რასაც ღმერთი არ ისურვებს, არ იქნება აროდეს… გინდა, ღვთისგან ბოძებული, მცირედითაც ხარობდე. საით, ჩემო დომენიკო, გულუბრყვილო რაინდო… ეს ქვეყანა უკეთური, კეთილს როგორ დაგინდობს. ...მყუდრო არის შენი ბინა, შენი ფიქრის სენაკი; თუმც დაგყვება მზვერავივით, ტანჯვა და ფათერაკი. მტერი... მტერი იუდაა, გამცემი და ვერაგი… ტანს გისუსხავს ცრემლებისგან, დაკემსილი პერანგი. უნდა მარცვლო ნება-ნება, სიტყვის კრიალოსანი… და შეწირო ღმერთს მადლობა, ვედრებით და ოსანით. თვალს გაახელს ალიონი, როგორც ბავშვი აკვანში… და ცხოვრების ვრცელ ბიბლიას, სასოებით გადაშლი… აენთება ჩირაღივით შენი ედელვაისი… სულშიც წამით დაივანებს, იმედი და ხალისი. ბედი ისე გათამაშებს, ვით ზღვა სავსე კიდობანს… ნეტა მართლა რას გვიქადის, ცოდვის ეს წყალდიდობა. ეს ქვეყანა უკეთური, კეთილს როგორ დაგინდობს… საით, ჩემო, დომენიკო, გულუბრყვილო რაინდო.

No comments:

Post a Comment