ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Thursday, March 4, 2010

ქორწილი პალურში



გელა კაპანაძის, ბაჩანა მოლაშხიას,
ირაკლი კუპატაძისა და ჩემი მონაწილეობით


1.
ყელს იღერებს ქორწილი,
ვით სისხამზე მამალი...
ტოლუმბაშით, ბილბაშით
და რჩეული ამალით...
ხვიჩა ბოში-უსუპი,
ნანა ცირა-ყამარი...
მორევია ორთავეს,
სიყვარულის წამალი...
სიტყვა წამოფრინდება,
როგორც მტრედი ფრთამალი,
ყანწზე დასვამს ბულბულებს,
ლხინის მხედართმთავარი...
ტოლუმბაში გულუხვი,
ბრწყინავს ლექსის ჯავარით...
ჯამსაც ეშხით გალოკავს,
ვით ირემი ქვამარილს...
ლაღობს გახარებული,
მასპინძელიც, სტუმარიც...
სხვა გემო და ლაზათი,
აქვს პალურულ პურ-მარილს...
ჭირშიც შეხიდებული,
გახალისდა სოფელი...
ნეფე-პატარძალი გვყავს,
ერთმანეთის სწორფერი...
გათამამდა ბახუსი,
სეფას ასდის ალმური...
სიყვარულით დამთვრალან,
ეროსიც და ამურიც...
გენაცვალე, ჯილაგო,
მენძელო და მაყარო...
ლამაზი ჩანს აქედან,
არეული სამყარო...
2.
კაპანაძე, ჯიმაგე,
დამილიე, ღვინო...
მერე გათენებამდე,
ტკბილად ვიღიღინოთ:
,,ართი კოჩიქ ქუმორთუ დო
ოსურს გირიგენქია...
ოსურ მარა, მუ ოსური,
გვალო გაკეთენცია’’...
და ეს ღამე კოლხური,
ნაბადივით გავთელოთ...
კარგი ვიცით მოლხენაც,
მეგრელებმა-ქართლელო...
გაშლილი გვაქვს გულებიც,
ისე, როგორც სეფა...
სტუმრის დამოყვრებამდე,
ვიცით დაფასება...
ჩვენი ძმობის სიმღერა,
რაკი მოგვგრის შვებას...
შენგან დაწუნებული,
ღვინოც დაილევა...
3.
საღამოა ნაქები,
მშვიდი, შემოდგომური...
ტოლუმბაში_ბილბაშის,
შერკინება ლომური...
მოაქვთ ხარისთავები,
როგორც ნაალაფარი...
მთვარე ისე ლაპლაპებს_
გეგონებათ ლამპარი...
გენაცვალე ნერჩო და
შემოგევლე, ჯალაბო...
ბევრი სადღეგრძელო მაქვს,
ბევრიც სალაპარაკო...
მერიქიფევ, ბატონო,
ვინ გაჯობებს სისხარტით...
სიყვარულით დავთვერი,
შენ კი ღვინოს მისხამდი...
თუმც არა ვარ შედანი,
ხელში ყანწი მიჭირავს...
და არც გულბაათი ვარ,
რომ დამათროს ჭინჭილამ...
ვიბრძვი მეომარივით,
ჩემი ხმლით და ფარითა...
მე ვერავის დავუთმობ,
ამ ვეება ხარის თავს...
4.
გენაცვალე ბილბაშო,
არ ყოფილხარ ჯაბანი...
ლექსად გავახმაურე,
ეს ლამაზი ამბავი...
კარგი შემხვდი მეტოქე,
პურადი და გულადი...
გაძლებისთვის გვირგვინსაც,
თავზე დაგახურავდი...
შეირგე და შემარგე,
სუფრის ხვავი, ბარაქა...
თუ არ დამიზავდები,
გამოგაცლი არაქათს...
იმ მეორე ხარის თავს,
განა შეგეცილები...
ასეც ხდება, ბრძოლაში
ზავდებიან გმირები...
გავახარეთ ჯალაბი,
მექორწილე კრებული...
და სოფელი დავტოვეთ,
მართლაც გაკვირვებული...
თავზე დაგვთენებია,
გაუმარჯოს ალიონს...
უფლის სადიდებელი,
ერთი ყანწიც დავლიოთ...
5.
კაპანაძე, ჯიმაგე,
თურმე ჩაგძინებია...
ნუთუ ვერ დაინახე,
სოფლად რა ცირებია...
დამიჯექი გვერდით და
დამილიე ღვინო...
ძველებური სიმღერა,
ერთად ვიღიღინოთ:
,,ვაი შური საყვარელი,
რინა მუში მამარდარე,
რინაშ ნება ქორდასნი,
ქანა მუში მაფართარე...’’

საახალწლო რექვიემი


მოდიხარ, მოგაქვს
უფლისმიერ სინათლის სხივით
გამთბარი ხსოვნა,
მიმავალში რომელიც ღვივის...
ამერ-იმერი_
მძაფრ მორევში დაშლილი ტივი...
უპირველესად, მომავალო,
გახვედრებს ტკივილს...
მიმავალ_კრწანისს,
შენ, მომავალს, გახვედრებთ დიდგორს...
ღიმილს და ხალისს,
ბედნიერი რომა ვართ თითქოს...
გახვედრებთ მამულს,
ოდითგან რომ მომხდური გვართმევს...
წუხილის ზღვას და
ბუდემოშლილ იმედის მართვეს...
გახვედრებთ ლოცვას,
დაივიწყა რომელიც კაცმა...
ძე შეცდომილნი
ყოველდღიურს
გახვედრებთ ჯვარცმას...
გახვედრებთ ცრემლებს
და მართალთა თვალების გლოვას...
აღტაცებას და გაკვირვებას,
ცოცხალი რომ ვართ.
გახვედრებთ სიტყვას,
სულზე დამღად ამოჭრილ სიტყვას...
ყოფნა-არყოფნის,
რა თქმა უნდა,გახვედრებთ კითხვას...
გახვედრებთ მიწას
და ქვეყანას_ჭრილობას ღიას;
რომელსაც დღემდე
მამული და სამშობლო ჰქვია...

***


...სურნელი.
...განუკურნელი
გალაკტიონი
ამ ცოდვილ სულში
ნაზამთრალი ჩიტები სხედან,
მიხსენებს სევდა,
როგორც წყლული განუკურნელი...
დამაწყე, დედა,
გულზე შენი თბილი ხელები
და მაგრძნობინე
ნაწვიმარი მიწის სურნელი...

ურბანისტული ელეგია


გადაიღალა ჩემი ქალაქი,
ცრუ იმედებით და ლაპარაკით...
ეს უცოდველი, მშვიდი ხეებიც
ქუჩებს შეწირეს, როგორც ზვარაკი.
ცხელა და ასფალტს ასდის ალმური,
თითქოს მიწიდან მესმის ხმაური:
როგორ გლოვობენ მამულს ფესვები,
ფესვებზე როგორ მოთქვამს მამული.
და ქრება ნელა ძველი ქალაქი,
არ ერიდება უკვე ხარაკირს...
,,სად განისვენოს სულმა?’’_არ ვიცი,
სად ჰპოვოს ხორცმა ძვალშესალაგი...
იქნებ მომხდურმა დასცა ბანაკი,_
გამიუცხოვდა ჩემი ქალაქი...
წარსულ დიდების ნეშტს მისტირიან
აქეთ მტკვარი და იქით არაგვი...

მინაწერი ბავშვის სურათზე


თუმც ცდილობ, ციცქნა ფრთები გაშალო,
შენ ვით გაუძლებ, შვილო, ქარტეხილს...
ეს ვინ წაგართვა ლაღი ბავშვობა,
ვინ მოგანატრა პურის ნატეხი.
გიმზერ და შენზე ფიქრი მაწვალებს,
თან მეუბნები: ნუ გამწირავთო...
არ ვიცი, მშიერს და მაწანწალას,
ტკივილის გარდა, რა გიწილადო.

ნოსტალგია




იქ შენი ცაა...სალოცავი,
როგორც ილორი...
შენი მწუხარე ოდაბადე
და თაგილონი;
იქ, იმ წიაღში,
მდინარის და მთების გადაღმა,
დღეს მონატრება ბონდის ხიდზე
სიზმრებს გადაყავს...
არ უწერია
სიყვარულის ზღვასაც დაშრობა,
რადგან ვერაფრით ვეღარ მოკლეს
შენში ბავშვობა...
მაინც იმედი...
თუმც იმედის ყანაც გამოხმა...
საფლავს საფლავი დაკარგვია,
გაღმას_გამოღმა.
აქეთ თბილისი...
იქით ძველი სამურზაყანო,_
ეს ორ ტკივილად გახლეჩილი
შენი სამყარო.

***

დავიღალე და გადამეღალა
სულიც, სხეულიც, როგორც ქვეყანას...
ირგვლივ გარემო ცოდვით დამძიმდა
და უფრო მეტად ყოფნა გაჭირდა.
და ეს სამყაროც ისე გაცივდა,
ამაზე ფიქრი უკვე არც მინდა...
მაინც რამდენი უნდა გაგრძელდეს,
მაინც როდემდე-ჯვარცმა ჯვარცმიდან...
მაინც რამდენი უნდა იდარდო,
უნდა იტანჯო და იქვითინო.
ეს ყველაფერი მაინც როდემდე
პატიმარივით უნდა ითმინო.
ეს შენი წილი მცირე სიცოცხლე,
ვის უნდა უძღვნა და შეალიო;
მაინც რამდენი შხამი, სამსალა,
რამდენი თასი უნდა დალიო...
სიკვდილო, დავრჩი უფლის ამარა,
მცრის ულმობელი დროის საცერი
და შენი ღია თვალი-სამარე,
როგორც მსტოვარი, სულში ჩამცქერის...

ნათლისცემის დღე

1.

გამოჩნდა იგი, ვინაც ცოდვა ჩვენი იტვირთა,

გამოჩნდა იგი, ვინც წყვდიადი გამოარღვია,

ვინც ჯვარცმით გვითხრა, დედამიწა დიდი სახლია

ცოდვის, რომელშიც სიყვარული გამოიფიტა.

გამოჩნდა იგი...დაწერილი, აჰა, აღსრულდა,

სადუკეველთა რისხვა მოდის, რისხვა ავსულთა,

ასე მართალი, ასე ჩუმი და უწყინარი;

ბრბო გაოცებას ვეღარ მალავს: ,,ღმერთო, ვინ არი?!’’

გამოჩნდა იგი, იოანე ვისაც ელოდა,

ბედნიერია დღეს მარტვილი ნათლისმცემელი...

ო, გიხაროდეს, იუდეა...მაგრამ ჰეროდე?-

რას იტყვის მეფე,-ეს ურწმუნო გალილეველი...

წყნარია ზეცა...გაირინდა ირგვლივ ტყე-ველი

და არემარეს უცხო შიშმაც გადაუარა...

დრონი მეფობენ, რა თქმა უნდა, დრონი-მეფენი,-

საკითხავია, ეს ანტიპას ესმის თუ არა.

გამოჩნდა იგი, უფლის კრავი, უფლის ტარიგი,

გამოჩნდა იგი, რწმენის თუნი, თვალსხივოსანი...

ანგელოზების შორეული ისმის ოსანა,

უკვე დრო არი, დავიჭიროთ სხვა თადარიგი...

და ექოსავით სადღაც მიაქვს ხმაურს მდინარის

ბრბოს გაოცება: ,,მომავალი, ღმერთო, ვინ არი?!’’

უკვე დრო არი...ისიც მოდის მარტო...ციერი...

წყნარია ზეცა...ჩუმად შფოთავს ძეხორციელი.


2.

დღეს სხვა სინათლით აღივსება რწმენის კუნძული,

აღიბეჭდება სხვა ნიშნით და სხვა სიმბოლოთი...

ჯანსაღს ჯანსაღი დაერქმევა, უძლურს-უძლური,

კეთილს-კეთილი, უწინარეს, ბოროტს-ბოროტი.

ჟამი კი მაინც იღრინება, ჟამი- ცერბერი,

თუმც სამერმისოდ ისევ ეძებს ნექტარს ფუტკარი...

დგას იოანე, როგორც რწმენის ციხე ბებერი,

მოდის ნათელი-უფრო ღრმა და თვალშეუდგამი.

მოდის მესია, როგორც მშვიდი მეუდაბნოე,

ამ მიწიერი ნეტარების მიწყივ დამთმობი...

ამიერიდან შეემატოს უკვდავ მნათობებს

უპირველესი და მნათობთა შორის მნათობი.

დგას იოანე...უპოვართა შორის მხოლოდ ის,

დიდი ხანია, შეეგუა მოსვლის მოლოდინს;

ფარისეველნი შესცქერიან ეჭვით, ამრეზით

და წინ სამყარო მოჩანს, როგორც სხვა ასპარეზი...

და იორდანეც ბრწყინავს, როგორც დიდი ემბაზი,

განწმენდილი და ურწმუნოთა განსაწმენდელი,

მოდის...ვინც უნდა მოსულიყო დაბადებამდე,

ძე ჭეშმარიტი...მტკიცე, როგორც ნათლის კედელი...


3.

ბედნიერი ხარ! –ეს რა ხვედრი გერგო, მდინარევ,

შენ თბილ წიაღში მაცხოვარი მოინათლება...

გადმოვა მადლი სულიწმინდის და, უწინარეს,

მიწა მზესავით გაბრწყინდება, ცა განათდება;

რომ სამერმისოდ საუკუნოდ მადლმა იხაროს,

ხემ სიკეთისამ რომ მოისხას ტკბილი ნაყოფი...

რომ სიყვარულით ოდნავ მაინც მიგვაახლოვოს

რწმენას, ვით მიზანს, როგორც საზრისს ყოფნა-არყოფნის.

თუმც მედროვენი, როგორც ახლა, მას უარყოფენ,

უარყოფა და ქრისტეს ჯვარცმა მათი წესია...

ჰოი, ცოდვილნო, გიხაროდენ!...ჟამი ახლოა,

ჩვენი სულების დასახსნელად მოდის მესია.

***

შეღებილია ცის კაბადონი
სისხლით და... ხელებს იბანს პილატე,
თუ არ ვიქენი შენი პატრონი,
ვის ეყვარები, ვინ მოგინატრებს.
მითაჟამიდან დავრჩით მარტონი,
თუმცა ღვთიური ღვივის სინათლე...
შეღებილია ცის კაბადონი
სისხლით და... ხელებს იბანს პილატე.

***

მივუყვები მე ჩემ გზაწვრილს,
ხან მათოვს და ხანაც მაწვიმს,
როგორც ზვავი, ჩამომიწვა
სულში სევდა სიბერის...
ნეკნებშუა გახირული,
გულია თუ ქვაყინული...
სინანულით იყურება,
ცისკენ ლიუციფერი.
ირგვლივ არც-რა გასახარი,
არც ძველი და არც ახალი,
გეკითხები: ეს სამყარო,
მართლა წუთისოფელი,-
განკითხვის ჟამს რა იმედით
ელოდება...რაიმეთი
გამოაღწევს ვითომ ლეთას
უფლის უარმყოფელი?
მივუყვები მე ჩემ გზაწვრილს,
ხან მათოვს და ხანაც მაწვიმს,
როგორც ზვავი, ჩამომიწვა
სულში სევდა სიბერის...
ნეკნებშუა გახირული,
გულია თუ ქვაყინული...
ხედავ?-ურცხვად იყურება,
ცისკენ ლიუციფერი.

ვაჩე ანდრონიკაშვილის საუბარი შულმანთან...

მიხო მოსულიშვილის რომანიდან,,უჟამო ჟამის რაინდი’’

ვერ მომისყიდი, ვიყო გამცემი
და კარგად იცი, ისკარიოტელ,
თავისუფლების ჯვარსაც მაცვამენ,
რომ საუკუნოდ სისხლი მდიოდეს.
რომ ჩემი სისხლით ჩემი არჩანდა
უცებ ცასავით ისე განათდეს,
ერთად გამოჩნდეს ყველა ლაჩარი,
ყველა ორგული და მოღალატე...
ცას უერთდება ჩემი ფესვები
და წინაპართა მესმის ძახილი:
არ დაეცემა შიშიონელი,
როგორც მამულის დროშა დახრილი...
ვიცი, სამშობლოც, როგორც რაინდი,
უნდა ვეძებო...უნდა მტკიოდეს...
მომაქვს სიმართლე_უფლის მახვილი
და გეშინოდეს, ისკარიოტელ!

Tuesday, March 2, 2010

***

შემოგეჩვია მწუხარება

და ფორიაქი

და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,

როგორც თრიაქი...

ფიქრი, რომელიც

ხან გაფითრებს,

ხანაც გაოცებს...

ფიქრი ყოფითზე,

სიცოცხლეზე,

სასაფლაოზე...

ახლა ქარია,

ჩამოძენძეს

ქარი კედრებმა...

როცა მთვარეა,

ფიქრი მთვარეს

შეეკედლება.

როცა თოვაა,

(თოვა ზამთარს

როგორ შეჰფერის...)

გახმიანდება ფიქრი,

როგორც

ლექსის რეფრენი...

ამ წყვდიადიდან

სინათლისკენ მიემართები,

მოაქჟამამდე გზას გინათებს

ფიქრი-სანთელი.

ფიქრი-ოცნება,

ფიქრი-ლოცვა,

ფიქრი-ვედრება.

...ახლა ქარია,

ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.

...რადგანაც მიწა საესავი

ბრმა და ყრუ არი,

ცაში მთავრდება

ფიქრიანი გზა უტყუარი...

***

ხან სიყვარული წვიმასავით უეცრად მოდის, იშლება, როგორც პეიზაჟი, ლამაზი ხედი... ძვირფასო ევა!- მე ჩავიდენ ამაღამ ცოდვას, ვიცი, რომ ვეღარ შემაჩერებს ადამის ხვედრიც. შენ გქვია ლტოლვა- ცოდვის შიშზე რაღაცით მეტი- და ყველა მითზე იდუმალი, ცოცხალი მითი... მე ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს და აღმდგარი მკვდრეთით, ვებღაუჭები სიყვარულის ჩამოშლილ ქვითკირს რადგანაც იგი წვიმასავით უეცრად მოდის, მოდის და მერე გვაზიარებს რაღაცას ნამდვილს... ვიქნები შენი დონ ჟუანი... ჩავიდენ ცოდვას, დავრჩები ასე უეცარი წვიმების ბარდი...

ციკლიდან ,,სოფლის ჩანახატები’’

ეტიუდი

საოცარია ზამთრისპირის დილა სისხამი: კაკლის ხეები ნაყოფივით ჩიტებს ისხამენ... და ბუხრის კვამლიც იტოტება,მიიკლაკნება ნაკადულივით ცის წიაღში და...იკარგება. ძაღლი ყეფს... შორით ხრიწიანად ყივის მამალი... თვლემს ირგვლივ თეთრი მდუმარება- თოვლის ტრამალი.

***

ცივა.ბუხართან ვზივარ მთვრალი და მობუზული; მამა აბოლებს... დედაჩემი ჩუმად ბუზღუნებს... რამ გამოლიოს საფიქრალი და საწუხარი?.. რაღაც ვერ ათბობს ძველებურად ოთახს ბუხარიც... სერავს ყიამეთს ლამპის შუქი,ჭრაქის ციმციმი, არც ძველებური ქეიფია, აღარც სიცილი... იხსენებს მამა უწინდელი დროის პურ-მარილს - სანატრელიც კი გამიხდაო უკვე სტუმარი,- წუხს...და სოფელი - ლხინის შემწე,ჭირის გამტანი, ისეთი ცივი მეჩვენება, როგორც ზამთარი.

განშორების სერენადა

უნდა წავიდე...დაგშორდე უნდა,

წავიდე ისე, როგორც მიდიან...

თუმც განშორების ტანჯვა დიდია,

ამ ტანჯვას ნუღარ მიიტან გულთან.

ნუღარ გამკიცხავ...როგორც ჩვევიათ,

ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს,

თუმც შენი ტანჯვა ისევ ჩემია,

შენ ჩემი წასვლით უნდა გადარჩე...

ზამთრისპირის საღამო

ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,თბილისს გადავხედო მთაწმინდიდან...თოვს და ჰაერივით ეს ქვეყანაცთითქოს ცოდვებისგან გაიწმინდა.უცებ ნოემბერმა გააოცა,ყველა უბანი და ყველა ქუჩა...თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ,ლამის სატკივარიც გააყუჩა.თუმცა მარადიულ ცოდვის ტალახს,შენც ვერ მოგვაცილებ, ნატვრისთვალო...მინდა, თოვლში ვიდგე, თოვლში, ახლა,მინდა, ფანტელები დავითვალო...ბარდნის გაბმულად და ნება-ნება,ფანტელს მონატრების დარდიც მიაქვს...ახლა ადვილია პატიება,ახლა შეყვარებაც ადვილია...ახლა ლამაზია ეს ქვეყანა,თოვლის მკლავებში რო გაირინდა...ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,თბილისს გადავხედო მთაწმინდიდან...

ცრემლის სერენადა

მოხეტიალე, ვით ბედუინი,შენ მაინც სხვისთვის არ გემეტები;და იცრემლები...თითქო ბუდიდან,ამოფრენილან თეთრი მტრედები.ისე ვილევი და ვიფანტები,როგორც სველ თოვლზე ნაფეხურები...ჰა, ჩემი სულიც - თოვლის ფანტელი,სავსე ქარებით და ბეღურებით...

ციკლიდან ,,ჩუმი ძახილი''

ეს ციკლი ნატო კორსანტიას წიგნის-,,წართმეული ხმების’’ შთაგონებით დაიწერა.

გზა

უცხო მგზავრივით ეპარები მშობლიურ წიაღს; ზამთრისპირია, დაუფარავს ნამქერს გზაწვრილი... აქ ახლა ცივი ქარები ქრიან, ამ მიწას ახლა წართმეული მამული ჰქვია,- შენი სულის და ხორცის ნაწილი... აქვეა რეჩხი, მომლოდინე შენი ედემი, უწინდელივით აღარ ყეფენ სოფლის ძაღლები... და შორიახლო ხეთა მკრთალი სილუეტები ჩანან, ვით თოვლში თავდახრილი ბაირაღები... გადაქანცული გულში ჩუმად ნაბიჯებს ითვლი, თანდათანობით ერთგულების მძიმდება ტვირთი... მიძინებული ვარსკვლავები თვალებს ახელენ, გაფხიზლებს შიში, როგორც ზამთრის სუსხი და ყინვა... და იფურცლება ხსოვნის წიგნი, ცრემლები გამხელს, ჩამომარცვლული გაუსაძლის ტკივილის მძივად... ვეღარ იქნები ბედნიერი ამ მიწის გარეთ, ვეღარ იქნება სხვა სამყოფი შენი სახლივით... მიაყურადე...მოთქმასავით გადააქვთ ქარებს მიტოვებული საფლავების უხმო ძახილი.

ხეჭეჭურები

შემოპარვიათ თუმცა სიბერე, არ ეშინიათ მაინც წაქცევის... და დარაჯობენ ფუძეს ხეები, ვით მგლოვიარე სახლიკაცები. გავერანებულ სამოსახლოებს და გადახვეწილ ყველა ახლობელს, ვინ იცის, როგორ ელოდებიან, ვინ იცის, მართლა რასა ნაღვლობენ. ფესვებს მიწა და მიწას ფესვები სტკივათ და ხეებს აკრთობთ სიცხადე... და, საცა არი, სოფლის სამდურავს მწარე ნაყოფად გამოისხამენ. მათ ყოველივე იქნებ იციან, ქვეყნად რა ცოდვის კალო ტრიალებს... რადგან ღალატი არ შეუძლიათ, დგანან მომავლის მემატიანედ. ვინ იცის, წარსულს როგორ ნატრობენ, იქნებ აღსასრულს გრძნობენ თვითონვე... და ზეზეულად თუმცა კვდებიან სიკვდილის მერეც ხსოვნას გვითბობენ...

მწუხრი

ვინ დაარისხებს ახლა ზარებს გამოღმა, გაღმა... უჭირისუფლოდ დარჩენილმა რაღა ქნას ხალხმა... მიყურადება უნდა ტკივილს, მოთქმას და ძახილს, თორემ, საცაა, უიმედო იხუვლებს ხალხი... დადუმებულა მოქვის ზარი, ზარი ილორის, ზარი ბიჭვინთის, ზარი ლიხნის, ზარი ათონის... ოქროს ბარძიმში თუმც ერთობის ბრწყინავს მირონი... რაღა ქნას ხალხმა- მიტოვებულს ვინ ჰყავს პატრონი... დადუმებულან, გარინდულან ძველი ტაძრები, გადანაცრულა არემარე მწველი ხანძრებით... შეუბღალიათ წინაპართა ძვალშესალაგი, გაუწირიათ ქართველობა, როგორც ზვარაკი... შენ რას ჩურჩულებ, შენ რას იტყვი, ზარო ბედიის.. ჩამოწოლილა შენს ფრესკებზე მწუხრის მერდინი... როდისღა, ზარო, მწუხრი როდის უნდა გაფანტო, რომ ერთიანი საქართველო ისევ დაბადო.

ევასადმი

დასაბამიდან შეუცნობი შენ ხარ სამყარო,ჩემო ტკივილო-ხორცშესხმულო თიხის ნაწილო...შენ შეგიძლია, პირველყოფილ ვნებით დამღალო,გამანებივრო სიყვარულით...მერე გამწირო.ბავშვივით ნაზად მომეფერო, მეოქროპირო,თვალებში ცოდვის ცივი ცეცხლი ამიღაღანო...აუღებელი მწვერვალები დამაპყრობინო,რომ მომანატრო არყოფნა და ყოფნას გამყარო.ცაზე ვარსკვლავი,ზღვაში კენჭი დამათვლევინო,შენ შეგიძლია, შენ, სამოთხის ბაღის სურნელო...თან ერთდროულად ყველა შხამი დამალევინო,ყველა სულელზე უფრო მძაფრად გამასულელო.შენ შეგიძლია, ამაღზევო ან დამამიწო,გაუთენარი ღამეებიც გამათევინო...რომ სამუდამოდ სიკვდილიც კი გადამავიწყო,ანდა ამკიდო მძიმე ჯვარი და მათრევინო...

მოწამლული მერიდიანი

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე,

როგორც ტკივილი უსაფეხურო...

ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს,

როდემდე უნდა იცადო გარეთ!

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე...

გისოსებსშორის ლომის სიარულს

არჩევს ცხოვრება-მკაცრი სატირა...

ღვთისმშობლის ხატი თუ აატირა

ორსახოვნებამ შენმა, იანუს!

გისოსებსშორის ლომის სიარულს...

კოჭლი დროება მართავს მასკარადს,

აჩხავლებულა ყვავების გუნდი...

რაში გჭირდება, მონარქის მუნდირს

თუ როგორ ირგებს ვინმე მასხარა...

კოჭლი დროება მართავს მასკარადს...

და მარყუჟივით გახრჩობს მანტია,

პირსისხლიანი ბორგავს იუდა...

იცი, იუდას მოყვრად ვინ უნდა,

რადგან გაცემა და ღალატია.

შენ მარყუჟივით გახრჩობს მანტია...

ცრუმორწმუნენი ჩუმად კვნესიან,

საოცრებაა თავის გატანა,

სულში გიძვრება როცა სატანა,-

მართალ ნაბიჯებს ზომავს მესია!

ცრუმორწმუნენი მაინც კვნესიან...

ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ

ვერ მოიმაგრა ფესვი სრულიად...

მერიდიანი მოწამლულია

და გასაჭირი ყველას ეყოფა!

ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ...

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე,

როგორც ტკივილი უსაფეხურო...

ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს,

როდემდე უნდა იცადო გარეთ!

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე....

მასკარადი

ირაკლი ბაზაძეს

განათებული ჩანან ხედები...შენ მთვარის სულში რომ იხედები,ცას უერთდები, ვით განთიადი...ყოვლის წამლეკი, ყოვლის მმოსრავი,მიწდება ყველა გვირგვინოსანი-მარადიული ფარავს წყვდიადი...ვინ თქვა მერმისი სისხლის გარეშე,სიცოცხლე, როგორც მზე მოთარეშე,თავისუფალი იყო მსახური...ყოვლის მქირდავი, ყოვლის მგმობელი,რაზე ხარხარებს ბრბო ულმობელი,დრო-წარმავალი და უსახური.ბნელში მზაკვართა მზერა იელვებს,ვერ ურიგდები სიცარიელეს,გეწვის თვალებში ცეცხლი-ფაფარი...ამ ხარო-დილეგს ვერ ურიგდები,გძმობენ ჰაშიშით მთვრალი რინდები,აქ რომ ვერ ნახეს თავშესაფარი.გაყვითლებული, როგორც ფოთოლიანდა კვირტები, ჯერაც თოთონი,დაიკარგები მთების უბეში...ვინ დაგვამსგავსა მთელი ცხოვრებით,მაწანწალები და მათხოვრები,ქვეყნად რომ ვეღარ ჰპოვეს ნუგეში...ფრთონავს სანთელი...სითბო ღვთიურიდა სიყვარული მარადიული,სად ჩაიშრიტა, ღამისმთეველი...ქრება კერპები ათასნაირთა,ღმერთო მაღალო, რისთვის? საიდან?მაინც ამდენი ფარისეველი.ო, მითიური სუნთქავს ნერგალი,ნერგალი...როგორც შხამით ეკალი,მოწამლულია ცოდვით ჰაერი;მადლის მტვირთველი არ ჩანს არავინდა სიკვდილივით გულშემზარავიაბელის გვერდით დგება კაენი.განათებული ჩანან ხედები...შენ მთვარის სულში რომ იხედები,ცას უერთდები, ვით განთიადი...ყოვლის წამლეკი, ყოვლის მმოსრავი,მიწდება ყველა გვირგვინოსანი-მარადიული ფარავს წყვდიადი...------------------------------------------------------

გასაუბრება ჩემ კატა ბადუსთან ზამთრის სუსხიან საღამოს

ჩემსავით დაეძებ შენც ერთგულ მეგობარს,დაღლილი მავანთა ჭორით და ყბედობით;მეგობარს, რომელიც უსიტყვოდ გენდობა,მეგობარს, რომელსაც უსიტყვოდ ენდობი.მეც ბევრჯერ დამიგო საწუთრომ ხაფანგი,და ბევრჯერ გავები მახეში შენსავით...სიცოცხლე ხანდახან ჩირადაც არა ღირს,რას იზამ, ნანატრი ცხოვრებაც ეს არი!მეც ბევრჯერ დამტოვეს ქარსა და ყინვაში,ვყოფილვარ უაზროდ ტალახში ნათრევი...შენსავით ცოდვილი-მართალთა წინაშე,შენსავით მართალი და ბევრის დამთმენი...მეც ბევრმა მიმტრო და უღმერთოდ ჩამწიხლა...ცრუ ენით დაგესლილს და ფეხქვეშ გათელილსმეგონა ქვეყანა დილეგი და ციხე,სადაც ვერ ჩააქრეს იმედის სანთელი...მეგონა...თუმცაღა დღესაც ხომ ასეა,ძნელია გარჩევა მართლის და ტყუილის...კნავილი რა არის?-ირგვლივ რო ფარსია,ხანდახან ძაღლივით მინდება ყმუილი...რამდენიც გინდოდეს, იყეფე, იკნავლე,თუ გინდა ქუჩაში გავარდი გიჟივით...და ცამდე მართალიც, თუ გინდა, იყავი,მაინც ვერ აგცდება ღრენა და შიმშილი...მაინც ვერ მოთოკავ მიმავალ ქარავანს,შე მართლა სულელო, რას ჩხავი, რო ჩხავი?...ხანდახან მგონია, ცოცხალიც არა ვარ,ერთი მე ამათი მკვდარიც და ცოცხალიც...ჩემსავით გღალატობს ხანდახან ნერვებიც,ხანდახან კაცივით გჭირდება ალერსი;გჭირდება სითბო და გჭირდება ფერებადა, როცა კნავიხარ, უმწეო ხმა მესმის.უმწეო ხმა მესმის...და ორი ფუღური-თვალები უძირო, უძირო ჭასავით,თვალები, რომელსაც სულ უნდა უყურო,ივსება ფარული ცრემლით და სამსალით...და, როგორც აქამდე, მრავალი ზამთარიუაზრო ყოფაში გავა და ჩაივლის...ვის ესმის, ანდა ვის ტკივა და ადარდებს,ეს ჩემი ყეფა და ეს შენი კნავილი...

ბარისახოელი მასპინძელი

გივი ლიქოკელს

როგორ უეცრად მოფრინდა თოვლი,ჩუმი დღეების ერთი მოწილე...მთამ მოიხურა ნისლი,როგორც მხედარმა თორი,თვალები ცასთან დავაქორწინე...როგორ უეცრად მოფრინდა თოვლი.იქ, მთების იქით,უცაბედად ჩაქრა დაისი,საარაგვოზე აშრიალდაქარი აშარი...წამოიმართე ხევსურული სიდარბაისლით,წამოიმართე და მთასავითმკერდი გაშალე...იქ, მთების იქით,მნათობივით ჩაქრა დაისი...ამოთქვი დინჯად სიტყვაჩემი გულის სამყოფი,სულ სხვა სითბოა,სხვა დარდი მთებში...მიკითხე ბერნსი,სული ლექსებს ამოაყოლე,გული, რომელიც გეჭირა პეშვით...გული, კეცივით გახურებული,ვინა თქვა, ძმაო,სიყვარული გახუნებული...როგორ უეცრად მოფრინდა თოვლი.მიკითხე ვაჟა,-მე ვიხსენებთრთოლით მაშინდელს...სიმღერა, ბროლის ჩანჩქერივითხევში ჩაფშვნილი,ქალაქში თუთარჩელასავითისევ მამშვიდებს.ალალი იყო პურ-მარილიც,რომ დავფიქრდები,გახსოვს?-გითხარი:თქვენი მთები წყალივით მსვამენ...გამომყვა ბარად კაფიები-მარგალიტები,ჟიპიტაურით სავსე ყანწშიჩაკლული ღამე......როგორ უეცრად გაფრინდა თოვლი.

ძახილი

მერაბ კოსტავას

როგორ გაუცხოვდი და როგორ გაუდაბურდი,ეს ბარაბას გზა არი, გევედრები დაბრუნდი!...როცა უფრო საშიში მოჩანს წინ რუბიკონი,ნეტა, რამ დაგავიწყა ერწუხი და დიდგორი...ნეტა, რამ დაგავიწყა უფლის ყველა იგავი,ისე მოგითარეშეს, თითქოს სხვისი იყავი...მართლაც რაღაცნაირი, გახდი უფრო ველური,აღარც გორდა გიჭრის და აღარც დავითფერული.აღარ მღერის ფრანგული, არ კისკასებს შიმშერი,თბილი სიტყვის სალბუნიც უკვე ვეღარ გიშველის.ხალიბისგან ნაწრთობი სული გქონდა მარადის,ასე რამ გაგიბზარა მტკიცე ფარ-მუზარადი...ვხედავ, შადიმანების ორგულობა-ღალატით,როგორც შაგრენის ტყავი, ისე დაპატარავდი...სადღა არი ფიცხელი შეძახილი სამასი,თავდადება ცოტნესი...ერთგულება საბასი...როგორ გაუცხოვდი და როგორ გაუდაბურდი,ეს ბარაბას გზა არი, გევედრები, დაბრუნდი.იცრემლება ტაძარი ნატყვიარი ფრესკებით,ნუთუ ამ სინამდვილეს წარიტაცებს ქვესკნელი...ნეტა, რამ დაგანათლა ტანჯვა და ფათერაკი,ნეტა, რამ ჩაგირღვია მტკიცე ჯაჭვის პერანგი...გაოხრებდნენ აქამდე, შენ კი მაინც გასძელი,ნუთუ არ გესიზმრება თორელი და მხარგრძელი...ხნავდი, სამკალს იმკიდი, თან ჭრილობებს იხვევდი,გეშინია თითქოსდა წარსულისკენ მიხედვის...სხვა სახმილით იწვოდი და სხვა ფიქრით ღელავდი,სხვა სინათლეს აფენდი ეგვიპტით თუ ელადით...აღარც ამირანი და არც ზღაპრული ყამარი,ნუთუ არ გესიზმრება დავითი და თამარი...შენ, სისხლისგან დაცლილი, დღემდე მაინც მოხვედი,ნეტა რამ დაგავიწყა იბერია...კოლხეთი...რტოებჩამოსხეპილსაც მოგითხარეს ფესვები,თუ სიმღერით კვდებოდი, ცოცხლდებოდი ლექსებით...შენი ვეფხისტყაოსნით. შენი დავითიანით,უფლის მადლით მოსილი მენატრები მთლიანი...მენატრები შეკრული, უძლეველი, დიადი,ლაღი-დარუბანდითგან ვიდრე ნიკოფსიამდი...ასე ხელებგაწვდილი, სხვა ოცნებით გართული,მენატრები ამაყი, მდიდარი და ქართული...თუმცა ერთადერთი ხარ, თუმცა მეიმედები,ნეტა, ამ ჯოჯოხეთში სად ვეძებო ედემი...სხვა სიმაღლეს ელტვოდი და სხვა აზრით ელავდი,სიბრძნით გაბრწყინებული ფაზისით და გელათით...იყალთო და ვარძია კვლავ გმოსავენ დიდებით,როგორც ლეგენდები და ზღაპრები და მითები...გაოხრებდნენ აქამდე, შენ კი დღემდე გასძელი,ფუძესმოწყვეტილები გეძახიან ტაძრები:როგორ გაუცხოვდი და როგორ გაუდაბურდი,ეს ბარაბას გზა არი, გევედრები დაბრუნდი!

ცოდვის ტალახი...

საიდან მაინც ამდენი შხამი,

საიდან მაინც გესლი ამდენი...

რამ შეგვაზიზღა ცხოვრება-წამი,

რამ აგვიყმუვლა კარზე ავდრები...

რამ ჩააღამა ტაძარში ნისლი,

რამ შეგვაქცია მტარვალთან ზურგით...

რამ აგვიმღვრია სინათლის ისრებს

გადამსხვრეული თვალების შუქი...

რამ შეგვაჩვია მარადის პირშავ

მტერს, აქამომდე მოსულნი ბორგვით...

რამ ჩაგვიმწყვდია სხეულში შიში,

როგორც დილეგში შეშლილი მოგვი...

საიდან მაინც ამდენი რისხვა,

სამარადჟამო სიბნელის მგვრელი...

რამ ჩაგვიგუბა თვალებში სისხლი,

რამ ააცეკვა მზერაში გველი...

რამ ჩაგვიწიხლა ჯვარი და ხატი,

სული, რომელიც უმწეოდ ხვნეშის...

რამ მოგვანატრა სიმშვიდე...ანდა

რამ შეგვატოვა ართვალებს ხელში...

ღმერთო! ცოდვილი სამყარო იხსენ,

ვინძლო, ვედრება ისმინო ჩემიც...

თუმცა თვალები გაგვირბის ცისკენ,

ყველანი მაინც ტალახში ვრჩებით...

***

ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს,ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს...და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე,ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში.მარტომგზავრივით მბორგავებს ბნელში,რაღას გვიმზადებს განმსჯელი ყოვლის...დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში,როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი...

****

საით ესწრაფვის მზერა გაბმული,მზერაში მღვრიე ტალღის დგაფუნი სად შეაწყდება ჯებირს...ნუთუ ჩამოწვა ღამე ლუსკუმი,ნუთუ მარადი ქვია უფსკრული მიწას, რომელზეც ვრჩებით.დაფიქრებული, შორსგამხედავი აპოკალიფსის თეთრი მხედარი სად შეაჩერებს თეთრონს...გარდუვალია რაკი სასჯელი,ყოვლის მეუფე, ყოვლის განმსჯელი-რითი გვიშველი ღმერთო!შემოსალტვია ტაძარს ურჩხული და ბიწიერთა ლოცვა-ჩურჩული ცამდე ვერ აღწევს ჩვენი...ურწმუნოების გამო, ღალატის,ბედმა გვარგუნა ტანჯვა მარადი,ცეცხლი, მარადჟამს მწველი.საით ესწრაფვის მზერა გაბმული,მზერაში მღვრიე ტალღის დგაფუნი სად შეაწყდება ჯებირს...ნუთუ ჩამოწვა ღამე ლუსკუმი,ნუთუ მარადი ქვია უფსკრული მიწას, რომელზეც ვრჩებით.

ვედრება

შემოგღაღადებთ დღემდე, ციერო,თითქო თვალები ცაში სახლობენ...ყოვლად ბრძენო და ყოვლად ძლიერო,შენ სათნოებას მიგვაახლოვე.ბრმებს ლოცვა, როგორც მზე, მოგვაშიე,რომ სამუდამოდ მადლი გვფარვიდეს...გამოგვარიდე ტანჯვას საშინელსჯოჯოხეთისას...გამოგვარიდე.

ვინ...

აღარც მითი და აღარც ლეგენდა,მოკლეს ოცნება, რაც გვიხაროდა...ვინ გამოგვიყვანს ამ დილეგიდან,ვინ ამოგვათრევს, ნეტა, ხაროდან.მზერა გამცემი და ალმაცერი,ვინ ჩაგვისაფრა, როგორც ღალატი...სად მიგვლალავენ ქონდრისკაცები,ეშმას ტრაპეზი და მასკარადი...ვინ დააწვეთა სისხლი ღიმილზე,ვინ ჩაგვიწიხლა ყოფნა--ხალისი...იქნებ დასრულდა გზა და იღვიძებს,დღემდე მთვლემარე აპოკალიფსი.იქნებ მორჩა და იქნებ დამთავრდაყოფნა...გაიხსნას ცა უტყუარი,ვინ არის კაცი იგი მართალი,ვინ არის კაცი იგი მტყუანი,-ღმერთმა განსაჯოს...ვინ გაგვითენოსღამე ლუსკუმი და უსიერი...რას მოასწავებს ცოდვისმტვირთველო,ეშმას ასეთი მშვიდი იერი.აღარც მითი და აღარც ლეგენდა,მოკლეს ოცნება, რაც გვიხაროდა...ვინ გამოგვიყვანს ამ დილეგიდან,ვინ ამოგვათრევს, ნეტა, ხაროდან.

იმედი

,,იმედი სადაა და შენ უნდა გამოიგონოხალხის იმედი''...(,,დათა თუთაშხია'')

მოვა დრო და ყველაფერს,მშვიდად რომ განიკითხავ,ვის რა ადგილს მიუჩენ,თავად უწყი, ღმერთო...სიტყვა მშვენიერია,საქმე-უფრო მთავარი,ქვეყნისა და ხალხისთვისმართლა სასიკეთო...ამ არეულ მონასტერს,ნეტა, რა ეშველება,ვაი, როგორ ღრმავდებაცოდვის ძველი ხარო...მინდა, რომ მიხაროდეს,მაგრამ ამ სიხარულშიცუფრო მეტი დარდია,ფიქრი სამწუხარო.ტყუილი და მართალიისე ალუფხულია,ძველებსაც და ახლებსაც,მიჭირს, გულით ვენდო...თაბაგარის ხელშია,ახლა ზებოს იმედი,სულანჯიას ოცნებაც,დღემდე უიმედო...ამ უძირო ხაროდან,ნეტა, ვინ ამოგვიყვანს,თვალი დაიწყნაროდააზრი დაიმშვიდო...შე საბრალო სიმართლევ,რა მძიმე ლოდს მიათრევ,-ახალ მწვერვალისაკენგაფრენილო ჩიტო...დღითი დღე და თანდათან,(თუმცა შენ თავს მართმევენ)უნდა გაგიფრთხილდე დაუნდა გაყურადო...შენ, თაობის იმედო,ჩიტო, ფრთამოტეხილო,წინ სხვა სიმაღლეა დასივრცე სანავარდო...

სიურეალისტური სერენადა

გადუფრენიათ ცაზე წეროებს,დასაბამიდან გვზვერავს მესია...შეხედე!...ზეცა რა უმწეოა,უმწეოა და...მაინც ესვრიან.ისე ჩუმია, ისე ნაზია,მიუწვდომელი ცა-ეკლესია...შეხედე!...ღმერთო, რა ლამაზია,ლამაზია და...მაინც ესვრიან.ნუთუ სამყარო ოდენ ცრემლია,სიძულვილია...ოდენ გესლია?...ანდა ეს მიწა, რო ეცემიან,ოდენ სამარე და ერესია?!სული-ღრუბელი თეთრი კრავია,უფლის კრავია და...ქვიტკირია.შეხედე!...ზეცა რა მოძრავიადა ცათა შინა, გესმის?-ტირიან...

ციხისძირის გახსენება

მომეძალა სხვადასხვაფიქრი...გადაღლილი ვარ...მომენატრა ახლა ზღვა,ცა--ზღვასავით ლივლივა.ზღვაზე ოქროს ბილიკი,გაწოლილი ირიბად...და ვარ გადასარევად,როცა ციხისძირში ვარ...აქ, ამ ხვატში რა მინდა,წავალ, სადაც არ მტკივა...სადაც წუთით ცხოვრება,მეჩვენება მარტივად.ზღვისპირ მე და მნათობი,ლურჯი სივრცით დავთვრებით...ერთად ჩაგვეძინება,ერთად დავიბადებით...არც მთა მინდა, არც ჭალა,მომენატრე, აჭარა; ახლა მინდა შენთან,უცხო სიმშვიდესთან...შენ მაგიურ ფერთან,შენ ბაჯაღლო მზესთან...ზღვასაც სევდა სცოდნია,მონატრების სევდა...

რიგისპურობა

დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის სანდრო ბერიძისა და ჩემი მონაწილეობით ერგე, 2 ივლისი, 2004 წელი

ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან, სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა… ამ გარემომ დამატყვევა, უცებ მომაჯადოვა, სიტყვით რაღას გავაკვირვებ ფერადსა და ხატოვანს… აქ თავს უნდა ჩავუღრმავდე, თვალი რომ ავუხილო, ალალი და მალამოა მასპინძელის პურ-ღვინო… მასპინძელო მხიარულო, ნაქები გაქვს საუფლო, ცასთან ისე ახლოსა ხარ, ლამაზი ჩანს ცა უფრო… აქ სხვა სხივი იბადება, ქრის სხვაგვარი ნიავი, და აქ აღარ მეშინია ღალატის და სიავის; აქაც გალობს მაფშალია, ჩემი სიყრმის ფრინველი, აქ აჭარას ესიტყვება ამერიც და იმერიც… აქ სხვა დილა გათენდება, სხვა იქნება სისხამი, მომღერალი ჩანჩქერის ხმა, იდუმალი ტყის ჩქამი… შევაბიჯებ სიჩუმეში, როგორც წმიდა საყდარში და ბუნების ვრცელ ბიბლიას სასოებით გადავშლი… ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან, სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…

ბავშვობის მდინარის-ენგურის მონატრება

ვერ ბრუნდებიან სათავისკენ ორაგულები, ქვირითობისას...მერე მშვიდად ვეღარ კვდებიან; როგორც პატიმარს წართმეული თავისუფლება, ძველი სილაღე და სიურჩე მოგნატრებია. მახსოვხარ ოდით მქუხარე და დაუდეგარი, თევზით მდიდარი,აყვავებულ ჭალით ზვიადი... დაპატარავდი ისე, როგორც შენი ქვეყანა, დაპატარავდი მეგობარო და დაჩიავდი... შენი ხმა უკვე აღარ მესმის,დიდი ხანია, შენი შრიალი...და გაბმული შორი ძახილი... და დაღონებულს,ზღვისკენ შვებით მიგიხარია, ზღვამ ჩაგიხუტოს მდუმარე და პატივაყრილი. ზღვა არის შენი სამუდამო,მყუდრო სავანე, შეგისრუტავს და სილურჯეში აითქვიფები... ტანზე მზის სხივთა დაგეყრება იასამანი, ხსოვნის რექვიემს გიმღერებენ თეთრი ნიმფები. M

მოგზაური

ეძღვნება გურამ დოჩანაშვილის დომენიკოს...

საით, ჩემო, დომენიკო, გულუბრყვილო რაინდო… ეს ქვეყანა უკეთური, კეთილს როგორ დაგინდობს. ეს ქვეყანა გულცივია, სითბოს ვერ გიწილადებს… წყვდიადს როგორ გაანათებს, მაგ თვალების სინათლე. რაც არ უნდა ცრემლი ღვარო, ამ ურიცხვი განძითაც… შენ სიყვარულს ვერ იყიდი, სიყვარული გაძვირდა… შენ სიმართლეს ვერ იპოვი, ამ სოფელში, იცოდე… ობოლსა და მშიერ-მწყურვალს, არვინ არ შეგიცოდებს… ამ ქალაქშიც ყველას თვისი, გასაჭირი ეყოფა… გულში არვინ ჩაგიხუტებს, უღალატო მეგობარს. საით, ჩემო დომენიკო, გულნამცეცა, გულდიდავ… საით, ბიჭო, აფრენილო, მარტოობის ბუდიდან. ბოროტმა არ გივერაგოს, ავსულმა არ გაგთვალოს… საით, ნათლით შემოსილო, უფლის მადლით გამთბარო. როგორც იქნა, გაგეღიმა, მიეჩვევი ღიმილსაც… ტერფს გისუსხავს ცივი მიწა, თვალებს გილბობს თბილი ცა… სხვას აღმერთებს შენი სატრფო, უკვე დიდი ხანია… გაფრენილან ოცნებებიც როგორც ანა-მარია… თუმც ვერასდროს ვეღარ დათმობ, თვალხილული იმ ერთას… გულის ფსკერზე გისვენია, სიყვარული იმედად. თურმე იყო საარაკო, დღეს სადღაა არაკი… საით მიდის ქარავანი, შენი ლამაზ-ქალაქის. აქ სხვა ხალხი ზარ-ზეიმობს, სხვა ფიქრით და ოცნებით… აღარც ყარაჩოღელი ჩანს, აღარც ძველი მგოსნები. ქათქათა და მართალია, ზეცა უკიდეგანო… მეშინია, შეუბღალავს, მტერი არ მიეკაროს. არ ყოფილხარ არასოდეს, ართვალი და ჯაბანი… ვით ბერმუხა წინაპრები, ბრძენი პაპის-პაპანი… რაღას იზამ, უიღბლობა, გულმართალთა ხვედრია… როგორც ჩუმი პილიგრიმი, ვერ მოიშლი ხეტიალს. გზა- სავალი არ ილევა, ლამისაა დამუნჯდე… ოხვრით მზერას გააყოლებ, იავარქმნილ საუნჯეს… ღირსეულად უნდა ვლიდე, რადგან უფლის კაციხარ… თიხისაგან მოზელილი, რომ მიიქცე კვლავ თიხად. შუბლი ქარებს მიუშვირე, მამის ნაამბორალი… თუ გააღწევს, ნეტა ლეთას, შენი ბედის ბორანი. გაადალახე რუბიკონი, გაარღვიე ტინები… იობივით წამებულიც, ბედს ნუ აუტირდები. რასაც ღმერთი არ ისურვებს, არ იქნება აროდეს… გინდა, ღვთისგან ბოძებული, მცირედითაც ხარობდე. საით, ჩემო დომენიკო, გულუბრყვილო რაინდო… ეს ქვეყანა უკეთური, კეთილს როგორ დაგინდობს. ...მყუდრო არის შენი ბინა, შენი ფიქრის სენაკი; თუმც დაგყვება მზვერავივით, ტანჯვა და ფათერაკი. მტერი... მტერი იუდაა, გამცემი და ვერაგი… ტანს გისუსხავს ცრემლებისგან, დაკემსილი პერანგი. უნდა მარცვლო ნება-ნება, სიტყვის კრიალოსანი… და შეწირო ღმერთს მადლობა, ვედრებით და ოსანით. თვალს გაახელს ალიონი, როგორც ბავშვი აკვანში… და ცხოვრების ვრცელ ბიბლიას, სასოებით გადაშლი… აენთება ჩირაღივით შენი ედელვაისი… სულშიც წამით დაივანებს, იმედი და ხალისი. ბედი ისე გათამაშებს, ვით ზღვა სავსე კიდობანს… ნეტა მართლა რას გვიქადის, ცოდვის ეს წყალდიდობა. ეს ქვეყანა უკეთური, კეთილს როგორ დაგინდობს… საით, ჩემო, დომენიკო, გულუბრყვილო რაინდო.

ნაბადი

ეძღვნება ნინო ტურაბელიძესა და მის არაჩვეულებრივ თეატრს

მიდი და მოისხი ნაბადი, მოირგე კვლავ ჯაჭვის პერანგი...… მომხდურს არასოდეს დანებდე, შენი საყდრითა და სენაკით... მიდი და მოისხი ნაბადი, გიხდება ჩოხაც და ყაწიმიც... და მთების ხრიოკი უბიდან, ზეცაში აფრინე არწივი. მიდი და მოისხი ნაბადი, იმღერე ,,ლილეო’’...,,ვარადა’’... მაშინ დამიმარცხდი ბაზალეთს, როცა დაივიწყე მარაბდა... მიდი და მოისხი ნაბადი, ადიდე უფალი, ჯვარ-ხატი... ისე უკვდავია იმედი, როგორც ფიროსმანის ნახატი... მიდი და მოისხი ნაბადი, დალოცე იყალთო, გელათი... ქართული როკვებით დამათვრე, გამჟღინთე სურნელით კელაპტრის. მოდი და მომასხი ნაბადი, მეცა ვარ ამ ქვეყნის ზვარაკი... გულში მძვინვარებენ ავდრები, სადღაც დამეკარგა ქალაქი... მოდი და მომასხი ნაბადი, მამღერე გმირული ,,შავლეგო’’... ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან, ზარი გადარჩენის დავრეკო!!!!!

მებადურები

მინაწერი რამაზ სურმანიძის წიგნზე ,,ლაზეთის ლეგენდა’’

ზღვა ახასხასდა, როგორც ხავერდი, ზედ გაფენილი ფიანდაზებით… ღამის განთქმული მებადურები, ეშურებიან სადღაც ლაზები. თვალსაწიერზე მოჩანს ქვაომხა, ხავსმოდებული თვლემს ქვამარგალი… ეს მთვარეა თუ ცაში ნასროლი, და გალეული იატაგანი… თუ ამოჰყვება ბადეს სუაკი, ანკესს-მორუნი, ჭინოს- სარგანა… შორს დარჩა სარფი და კვარიათი, დამსგავსებული უფლის აგარაკს… საით მიდიან ნეტა ლაზები, ოქროს ბილიკით, ლაბირინთებით… რამ ააკვნესა ასე პილილი, რამ გააცოცხლა თვალწინ მითები. რამ გააღვიძა ყველა ლეგენდა, თავბრუდამხვევი, თავზარდამცემი… რამ აამღერა ეს ბარტყლოდებიც, როგორც მომავლის ჯარისკაცები. ზღვა ალივლივდა- ლურჯი ხავერდი, ზედ გაფენილი ფიანდაზებით… სად იჩქარიან ძველი კოლხები, სად მიცურავენ ერთად ლაზები...

ბებერი თუთა

აქ იდგა თუთა მხნე და მაღალი, ნაცემი ელვის ვეება შოლტით… იდგა და მწვანე ბაირაღივით, აშრიალებდა დაკოჟრილ ტოტებს. ვერას აკლებდა წვიმა და ქარი, სხივთა ჩანჩქერში ვნებით განბანილს… და ფოთლებიდან ნამგალა მთვარე, მოჩანდა, როგორც უფლის ლამპარი… თუთას ჩიტებთან დაედო ზავი, და უდარდელიც ჩანდა ეზოდან… თუმც შორიახლო მიმავალ მგზავრებს, ხანდახან მისი კვნესა ესმოდათ… შემოპარვოდა ჩუმად სიბერე, და ბოლო ხანი უფრო მეტწილად, ისმოდა მისი გედის სიმღერა, და ღამ-ღამობით აღარ ეძინა… როცა დაუდგა ჟამი არყოფნის, მიზეზითა თუ უმიზეზოდა… კვლავ გვიმასპინძლა ტკბილი ნაყოფით, და როგორც ნივთი, გაქრა ეზოდან… ... ამოგიძირკვეს მერმე ფესვებიც, მთლად გაგიმეტეს, თუთავ, ბებერო… მე კი განგებამ მომცა შეძლება, რომ გაგიხსენო და მოგეფერო.

ოდა ყვარელს

მომეგება ყვარელი, თბილი და საყვარელი. მგოსნის ენით ბუნება, მართობს, მეჩურჩულება... მეუფლება მთლიანად, თან მიქარვებს იარას.… მეც ამ მთების შვილი ვარ, უცხო მგზავრი კი არა. ამიტომაც ყვარელმა, თბილმა და საყვარელმა, უცებ გამითავისა, როგორც მთვარემ ღამის ცა… ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, რა უსაზღვრო ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, როგორ მომნატრებია. ღვინომ ლაზათიანმა, ყელში ჩაიყარყაროს… აზარფეშის ტრიალმა, დამავიწყოს სამყარო… შორით ყვარლის მთები და კუდიგორას გზებია… ნაცრისფერი ნისლები, მთებზე იძენძებიან… რა საამო დარი დგას, რა სამოთხის ხმებია… თუმც ხანდახან დურუჯიც, მოქნეული ხმლებია… ისე აიქაფება, ისე გადიდგულდება… მაგრამ ნადურუჯალსაც აქვს ნაქები ბუნება… ეფერება საფერავს, მადლიანი შლამითა… წამლობს, ეალერსება, დღისითაც და ღამითაც… ზვრებს ღიღინით ჩავუვლი, თვალწარმტაცი ზვრებია… ოქრო ქინძმარაული, ვის არ მონატრებია. მუდამ ბარაქიანი, ლაღი, ალერსიანი, თბილი და საყვარელი, მომეგება ყვარელი.

უფლის ნებით...

გენო კალანდიას წიგნზე- ,,ისევ რეკვიემი’’-მინაწერი ,,მშვიდობით!-გულზე გეფინოს მზეებრ შაბათი...…ჩემი ხსოვნის შაბათი.’’ (ლექსიდან ,,შაბათის რეკვიემი’’)

მე თქვენ ხილვებს მივსდევ, აფხაზეთში მივალ... მწველი რეკვიემით უკვე სნეული ვარ; რა წუხილით წერეთ...რა ტკივილი რანდეთ... და პოეტის ლოცვა აღავლინეთ ცამდე; თვალი მიადევნეთ გაუსაძლის კადრებს, ერთი კაცის გული, როგორ იტევს ამდენს... კვლავ უყურებთ ცხადად ჭუბერსა და საკენს, არ მრთელდება რადგან გაბზარული სარკე... სულში ჩამეღვარა, დარდად ჩამეღვენთა, იმ შაბათის წვიმა..იმ შაბათის სევდა; იმ შაბათის ზარი...იმ შაბათის ელდა, ის შაშვი და ქალი, რო მოთქვამდნენ ერთად... მე თქვენ ფიქრებს მივსდევ, ტანჯვის გზებით მივალ, რაც ღალატით დავთმეთ...გაყიდული მტკივა; გაირინდა სივრცე...გაიყინა წამი, ვაი, ვიწამლები მეც შაბათის შხამით... და თქვენსავით ახლა მზის წიაღში ვჩქარობ, სადაც ჩვენი რიწა მოლოდინით ხარობს... სადაც მაფშალია სევდიანად გალობს, გველოდებით ვიცი, ოჩამჩირევ, გალო; განა იმედების კელაპტრები ჩაქრა, ისევ ჩაგვიხუტებს ტყვარჩელი და გაგრა... შენ, სოხუმის წვიმავ...შენ, ზღვის ნიავ-ქარო, დაგეწაფოთ მინდა, ვით მწყურვალი წყაროს; მინდა გვესალბუნოთ, მინდა დაგიჩოქოთ, მინდა გესაუბროთ, მოგვენატრეთ როგორ... თქვენთან ხეტიალი და სიმღერა მინდა, ნიჟარების სითბო წამოვკრიფო ზღვიდან... შენ, აფხაზო ღვიძლო, ძუძუმტეო ჩემო, უბეში გყავს გველი, ერთგულებას ჩემობს... ზღვა-ხმელი სურს მოსკალს, თვალში გაყრის ნაცარს, გაიღვიძე მალე, ჩემო აფხიარცა... ნუთუ დაგავიწყეს მოძმე ჩონგურის ხმა, გულმა იგრძნოს გული, სისხლი იცნოს სისხლმა... შენ მოყვასის ნიღბით მოსეულო მტერო, მართლა გამარჯვება აღარ დაიჯერო... მოუარე შენსას, ტუნდრასა და ტრამალს, მე ჩემ ძუძუმტესთან, გასაყოფი რა მაქვს... გაიღვიძე მალე, ჩემო აფხიარცა... დავუაროთ ერთად ხორუმი და ფარცა... ვაგუგუნოთ, ძმებო, ვარადა და რერო, ლაჟვარდები ვხატოთ, სიყვარულზე ვწეროთ... ჩვენი ტკივილები უნდა გავამრთელოთ, ისევ ერთიანი იყოს საქართველო! როგორც გვახსოვს უწინ, როგორც იყო ადრე, ერთად ვუმკურნალოთ ჩვენ წყლულსა და დარდებს; ერთად გავლაღდებით, ერთად გავიხარებთ, გავათენებთ ერთად იმ შაბათის ღამეს... ერთად გავშლით სეფას, ერთად დავკლავთ ქაცარს, ერთად ავატირებთ ჩონგურ-აფხიარცას. ერთად გვაპკურებენ ბარძიმიდან მირონს, გაბრწყინდება ზღვა და ზეცა უნაპირო... ასეთია უფლის ნება-განაჩენი, ერთად შევსვათ ყანწი ჩვენი გადარჩენის...

ახავაი

ზურა ჯაფარიძის დატირება...

ახავაი, ჯაფარიძე,ახავაი, ზურა...მოვა დრო და ჩაგეხვევი,ისევ ძველებურად...მაგრამ ჯერე დასაცლელიდამრჩა ბედის სურა...ახავაი, ჩქიმი ჯიმა,ახავაი, ზურა...აქ, კაცობა დაგვიტოვე,იქ, ნათელი გხურავს...ახავაი, ჯაფარიძე,ახავაი, ზურა...,,ხევსურეთში წამოდიო’’,-ვერ წამოველ მაშინ...რა ვიცოდი, სამუდამოდდარჩებოდი მთაში...გაგითოვდა... იფარება,არე თეთრი ფარჩით...გეხვეწნენ და ხახაბოში,ვაი, აღარ დარჩი...იჩქაროდი მარტო მგზავრი.ბედს მიანდე თავი...რა იცოდი, თურმე გზაზეგისაფრდება ზვავი...სუსხიანი ქარაშოტი,ქარგავს ყინვის ყვავილს...რა იცოდი, რომ ქარონი,გელოდება ნავით...რა იცოდი, ალალ-მართალსგაგწირავდა თოვლი...ახავაი, ვერ გიშველე,ჯერ არ გამოგლოვილს...რა იცოდი, გიღალატებს,დაუღლელი მუხლი...ახავაი, ვინ გაიგებს,შენს მაშინდელ წუხილს...ჯიმა, იქნებ, დაისვენე,მოგერია რული...ახავაი, ცივ ღამეში,დარჩი განწირული...ზეცა შავად იქუფრება,ზვავი ზათქით მოდის...და არაგვში გადაჩეხილსგულში გიკრავს ლოდი...ირეკება გლოვის ზარი,ხევსურეთს და თბილისს...სამოთხეში მიუხვედი,დედას ვაჟიშვილი...აწი აღარ გაგრძნობინებს,შენ ობლობას დედა...და მარადი სიყვარულით,გაიხარებთ ერთად... ,,ხევსურეთში წამოდიო’’,-რა ვიცოდი მაშინ...სიკვდილისკენ იჩქაროდი,მე კი ბარში დავრჩი...ახავაი, ჯაფარიძე,ახავაი, ზურა...შენი თოვლის როიალიც,ზვავში ჩამარხულა...რა იცოდი, რა ვიცოდი,გაგწირავდა თოვლი...ახავაი, ვერ გიშველე,ჯერ არ გამოგლოვილს...ცოტა დაგრჩა სამშვიდობოს,ახავაი, ცოტა...ვერ გაექეც ბედისწერას, აღარ შეგიცოდა...შენ უფალმა წაგიყვანა,ჯიმა, ცათა შინა...სამუდამოდ გაპოვნინა,მთის წიაღში ბინა...მთაში დარჩა შენი სული,ამაყი და ლაღი...დღეს არდოტის გზაზე წყაროს,ეწაფება ხალხი...შენმა სულმა ამოხეთქა,ცივანკარა წყაროდ...აქ, ახარებ მოგზაურებს,იქ, ნათელში ხარობ...ახავაი, ჯაფარიძე,ახავაი, ზურა;მოვა დრო და ჩაგეხვევი,ისევ ძველებურად...მაგრამ ჯერე დასაცლელი,დამრჩა ბედის სურა...ახავაი, ჩქიმი ჯიმა,ახავაი, ზურა...

*ახავაი(მეგრ.)- გლოვისა და გაოგნების აღმნიშვნელი გამოთქმა...თითქმის იგივეა, რაც ,,ვაი''* ჩქიმი(მეგ.)-ჩემი*ჯიმა(მეგ.)-ძმა

შიშის ძლევა

(ნახევრადიუმორესკა) ჩუმად დარდი მომეძალა, ჩემში ჩაიბუდა… და მწერივით დამიჭირა, შიშის აბლაბუდამ… მაგრამ ვეღარ მომერევა, დეპრესია, ნევროზი… სანამ აღარ მიმატოვებს, ე-რო-სი… მე ეროსთან ოდითგან, ფიცვერცხლი მაქვს ნაჭამი… ღვინო დაგვილევია, გვიწრუპია მაჭარი… ღამე გვითენებია, სიმღერით და ლექსით… თავი დამვიწყებია, ვნებიანი სექსით… მალამოა, ეროსო, შენი ისრის შხამიც… როგორც ბალახისათვის, დილის მზე და ნამი… რა დროს ცუდი ფიქრია, ცუდი ემოცია… როცა სიყვარულია, როცა ეროსია… რა დროს დეპრესიაა, რა დროს ნევროზია, რა დროს სიძულვილია- სულის ეროზია... ვერა, ვეღარ მოგვერევა, დეპრესია, ნევროზი, სანამ აღარ მიგვატოვებს, ე-რო-სი…

ღრუბლის ქარავანი

(ნახევრადიუმორესკა) ეს ღრუბელი ბატკანსა ჰგავს, ის ღრუბელი - ერკემალს… ნახე, ღრუბლის რუხ ქარავანს, ვიღაც მიერეკება. ზეცას ფერი აუჭრელდა, არსად მნათიც არა ჩანს… ალვას ტანზე უფრიალებს ნიავ-ქარის ფარაჯა. ის ღრუბელი პინგვინია, ეს ღრუბელი- სელაპი… იქ, რო მოჩანს, ნეტა რაა?- ვეღარ ვარჩევ ვერაფრით… ის ღრუბელი დათვი არი, ეს ღრუბელი - მარტორქა… და ის ფთილა, რომ მიყურებს, თავს მაგონებს რატომღაც… ჩემი ფიქრიც გაიფანტა, ირგვლივ ღრუბლის ქულებად… ქარიც უფრო აწრიალდა, მგონი ცაც იქუფრება. მეუბნები: ,,რაზე ფიქრობ?- სევდა აღარ მანახო…’’ -,,ნახე, ღრუბლის თეთრი რაში, ცის მინდორზე ბალახობს’’… -,,მალე უნდა ჩაიწერო, რასაც ღმერთი გკარნახობს…’’ ის ღრუბელი ბატკანსა ჰგავს, ეს ღრუბელი - ერკემალს… სადღაც ღრუბლის რუხ ქარავანს, ვიღაც მიერეკება…

რწმენის აბჯარი....


,,გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი, თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა, ხოლო ქორონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა’’. (ქართლის ცხოვრება)

მზე აღმოხდა ქართლსა შინა, თითქოს მშვიდი ცისკარია,შორი ტყიდან ჭოტი ჰკივის...მარბიელნი იჩქარიან...ჟამი დადგა სამწუხრო და ჟამი დადგა სავალალო,ვაი, მტერი გადათელავს, ჩვენ საფიცარ ვაზს და კალოს...ფრიადია ქართლსა შინა, დალოცვილი პური... ღვინო,რომ სულთანი გაახაროს აღსართანმა, მოალხინოს....იქნებ იყო უფლის რისხვა, ჩვენ ციხე და ეკლესიას,ისე როგორც მუმლი მუხას, მტრის ლაშქარი შეესია...არე-მარეს სისხლისფერი, თავს ღრუბლები დასტრიალებს,კაცთა ნახეს სისხლის წვიმაც,- მწარედ მოსთქვამს მატიანე...იქმნა ღამე და უკუნი... მიწა გმინავს, ზეცა ოხრავს...სისხლში ცურავს დეკემბერი, მტერმა ქართლი მოაოხრა...ჟამი დადგა საშინელი, ჟამი შემაძრწუნებელი,მთის უბეში გახიზნულა, ვინც გადარჩა უვნებელი...რა სასტიკი ზამთარი და რა ძლიერი ქარბუქია,მაინც ცოცხლობს ქრისტიანი, სანთელი არ ჩაუქრია...რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით,თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც...უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო,(მტერი აღარ გაალაღო, სუსხიანო დეკემბერო!)ნუ გატყდები, გაძლიერდი, რწმენის აბჯრით შეიმოსე,და სიმართლის მახვილიანს, წარგიძღვება შენი მოსე...

ტრიო

ნოდარ ტაბიძეს

გალაკტიონთან ერთად
და ტიციანის გვერდით...
წელგამართული მეტად,
ხართ მადლიერი ხვედრის.
ასეთი არის ბედი,
უფლის რჩეულთა ბედი...
რასაც კი ინატრებდა,
ამქვეყნად არაერთი...
ქმნის უკვდავების ტრიოს,
ტაბიძეების ჯიში...
და ზმანებებში რიონს,
ხელებში აჰყავს ჭყვიში...
გეძახით, როგორც ადრე,
სიყრმის ფერადი ვანი...
სადაც ამაღლდა ცამდე,
პატარა ეზო-კარი...
როგორც დაღლილი დენდი,
გაეპარებით ქალაქს...
იქ, რიონისპირ დედა,
ისევ დაეძებს გალას...
თქვენ ის ძახილიც გესმით:
,,სადა ხარ გატუნია''...
ღამით აბოდებს ლექსი,
ფშანში გატრუნულ ნიავს...
ბუდობს გარშემო სათნო,
დაუვიწყარი ხმები...
და განა ღვინო გათრობთ,
მარადისობით თვრებით...
იქ კიპარისი ღელავს,
მთვარე ანათებს ბადრი...
და იღვენთება ნელა,
გულსმოწოლილი დარდი...
წელგამართული მეტად,
ხართ მადლიერი ხვედრის...
გალაკტიონთან ერთად
და ტიციანის გვერდით.