ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Thursday, September 29, 2011

ჩემი წალენჯიხა


სხვა სული გაქვს და სხვა ფერი, სხვანაირად მელი...
ალიონზე მაფშალია სხვანაირად მღერის...
სხვა მზე გათბობს... სხვანაირი იცი წვიმაც, ნისლიც...
სხვანაირი ფერება და სიყვარული იცი...
სხვანაირი მასპინძელი გამიოცებ სტუმარს,
გულს გაუღებ, როგორც ჭიშკარს, ჩაიხუტებ უმალ...
მამაპაპურ ტაბლას გაშლი, იმ დალოცვილ ტაბლას,
არ იკმარებ ქაცარსა და ჩამოკიდებ ქაბლას...
აგვამღერებ,აგვაცეკვებ და აგვაფრენ მაღლა,
დარდს და წუხილს გაგვიქარვებ, დაგვავიწყებ დაღლას...
სამცაცხვიდან სხვანაირი გეფინება მადლი,
ფეხშიშველა მაცხოვარი თეთრ ღრუბლებზე დადის...
სხვანაირი მერეკელა, ზეცა ლაკადური,
სხვანაირად მორაკრაკე შენი ნაკადული...
სხვანაირი ენგური და სულ სხვა ჭანისწყალი,
სხვანაირი გუთნისდედა, ქედგამწევი ხარი...
სხვანაირი ოდაბადე, სხვა მიწა და კერა,
სხვანაირი ბავშვობა და ჩემი ბედისწერა...
გენთოს, როგორც კელაპტრები, შენ ხომ ტაძარიც ხარ,
ჩემი ლექსის სტრიქონები, ჩემო წალენჯიხა.