ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Thursday, March 4, 2010

ქორწილი პალურში



გელა კაპანაძის, ბაჩანა მოლაშხიას,
ირაკლი კუპატაძისა და ჩემი მონაწილეობით


1.
ყელს იღერებს ქორწილი,
ვით სისხამზე მამალი...
ტოლუმბაშით, ბილბაშით
და რჩეული ამალით...
ხვიჩა ბოში-უსუპი,
ნანა ცირა-ყამარი...
მორევია ორთავეს,
სიყვარულის წამალი...
სიტყვა წამოფრინდება,
როგორც მტრედი ფრთამალი,
ყანწზე დასვამს ბულბულებს,
ლხინის მხედართმთავარი...
ტოლუმბაში გულუხვი,
ბრწყინავს ლექსის ჯავარით...
ჯამსაც ეშხით გალოკავს,
ვით ირემი ქვამარილს...
ლაღობს გახარებული,
მასპინძელიც, სტუმარიც...
სხვა გემო და ლაზათი,
აქვს პალურულ პურ-მარილს...
ჭირშიც შეხიდებული,
გახალისდა სოფელი...
ნეფე-პატარძალი გვყავს,
ერთმანეთის სწორფერი...
გათამამდა ბახუსი,
სეფას ასდის ალმური...
სიყვარულით დამთვრალან,
ეროსიც და ამურიც...
გენაცვალე, ჯილაგო,
მენძელო და მაყარო...
ლამაზი ჩანს აქედან,
არეული სამყარო...
2.
კაპანაძე, ჯიმაგე,
დამილიე, ღვინო...
მერე გათენებამდე,
ტკბილად ვიღიღინოთ:
,,ართი კოჩიქ ქუმორთუ დო
ოსურს გირიგენქია...
ოსურ მარა, მუ ოსური,
გვალო გაკეთენცია’’...
და ეს ღამე კოლხური,
ნაბადივით გავთელოთ...
კარგი ვიცით მოლხენაც,
მეგრელებმა-ქართლელო...
გაშლილი გვაქვს გულებიც,
ისე, როგორც სეფა...
სტუმრის დამოყვრებამდე,
ვიცით დაფასება...
ჩვენი ძმობის სიმღერა,
რაკი მოგვგრის შვებას...
შენგან დაწუნებული,
ღვინოც დაილევა...
3.
საღამოა ნაქები,
მშვიდი, შემოდგომური...
ტოლუმბაში_ბილბაშის,
შერკინება ლომური...
მოაქვთ ხარისთავები,
როგორც ნაალაფარი...
მთვარე ისე ლაპლაპებს_
გეგონებათ ლამპარი...
გენაცვალე ნერჩო და
შემოგევლე, ჯალაბო...
ბევრი სადღეგრძელო მაქვს,
ბევრიც სალაპარაკო...
მერიქიფევ, ბატონო,
ვინ გაჯობებს სისხარტით...
სიყვარულით დავთვერი,
შენ კი ღვინოს მისხამდი...
თუმც არა ვარ შედანი,
ხელში ყანწი მიჭირავს...
და არც გულბაათი ვარ,
რომ დამათროს ჭინჭილამ...
ვიბრძვი მეომარივით,
ჩემი ხმლით და ფარითა...
მე ვერავის დავუთმობ,
ამ ვეება ხარის თავს...
4.
გენაცვალე ბილბაშო,
არ ყოფილხარ ჯაბანი...
ლექსად გავახმაურე,
ეს ლამაზი ამბავი...
კარგი შემხვდი მეტოქე,
პურადი და გულადი...
გაძლებისთვის გვირგვინსაც,
თავზე დაგახურავდი...
შეირგე და შემარგე,
სუფრის ხვავი, ბარაქა...
თუ არ დამიზავდები,
გამოგაცლი არაქათს...
იმ მეორე ხარის თავს,
განა შეგეცილები...
ასეც ხდება, ბრძოლაში
ზავდებიან გმირები...
გავახარეთ ჯალაბი,
მექორწილე კრებული...
და სოფელი დავტოვეთ,
მართლაც გაკვირვებული...
თავზე დაგვთენებია,
გაუმარჯოს ალიონს...
უფლის სადიდებელი,
ერთი ყანწიც დავლიოთ...
5.
კაპანაძე, ჯიმაგე,
თურმე ჩაგძინებია...
ნუთუ ვერ დაინახე,
სოფლად რა ცირებია...
დამიჯექი გვერდით და
დამილიე ღვინო...
ძველებური სიმღერა,
ერთად ვიღიღინოთ:
,,ვაი შური საყვარელი,
რინა მუში მამარდარე,
რინაშ ნება ქორდასნი,
ქანა მუში მაფართარე...’’

No comments:

Post a Comment