ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Tuesday, March 2, 2010

რწმენის აბჯარი....


,,გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი, თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა, ხოლო ქორონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა’’. (ქართლის ცხოვრება)

მზე აღმოხდა ქართლსა შინა, თითქოს მშვიდი ცისკარია,შორი ტყიდან ჭოტი ჰკივის...მარბიელნი იჩქარიან...ჟამი დადგა სამწუხრო და ჟამი დადგა სავალალო,ვაი, მტერი გადათელავს, ჩვენ საფიცარ ვაზს და კალოს...ფრიადია ქართლსა შინა, დალოცვილი პური... ღვინო,რომ სულთანი გაახაროს აღსართანმა, მოალხინოს....იქნებ იყო უფლის რისხვა, ჩვენ ციხე და ეკლესიას,ისე როგორც მუმლი მუხას, მტრის ლაშქარი შეესია...არე-მარეს სისხლისფერი, თავს ღრუბლები დასტრიალებს,კაცთა ნახეს სისხლის წვიმაც,- მწარედ მოსთქვამს მატიანე...იქმნა ღამე და უკუნი... მიწა გმინავს, ზეცა ოხრავს...სისხლში ცურავს დეკემბერი, მტერმა ქართლი მოაოხრა...ჟამი დადგა საშინელი, ჟამი შემაძრწუნებელი,მთის უბეში გახიზნულა, ვინც გადარჩა უვნებელი...რა სასტიკი ზამთარი და რა ძლიერი ქარბუქია,მაინც ცოცხლობს ქრისტიანი, სანთელი არ ჩაუქრია...რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით,თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც...უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო,(მტერი აღარ გაალაღო, სუსხიანო დეკემბერო!)ნუ გატყდები, გაძლიერდი, რწმენის აბჯრით შეიმოსე,და სიმართლის მახვილიანს, წარგიძღვება შენი მოსე...

No comments:

Post a Comment