ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Tuesday, March 2, 2010

უფლის ნებით...

გენო კალანდიას წიგნზე- ,,ისევ რეკვიემი’’-მინაწერი ,,მშვიდობით!-გულზე გეფინოს მზეებრ შაბათი...…ჩემი ხსოვნის შაბათი.’’ (ლექსიდან ,,შაბათის რეკვიემი’’)

მე თქვენ ხილვებს მივსდევ, აფხაზეთში მივალ... მწველი რეკვიემით უკვე სნეული ვარ; რა წუხილით წერეთ...რა ტკივილი რანდეთ... და პოეტის ლოცვა აღავლინეთ ცამდე; თვალი მიადევნეთ გაუსაძლის კადრებს, ერთი კაცის გული, როგორ იტევს ამდენს... კვლავ უყურებთ ცხადად ჭუბერსა და საკენს, არ მრთელდება რადგან გაბზარული სარკე... სულში ჩამეღვარა, დარდად ჩამეღვენთა, იმ შაბათის წვიმა..იმ შაბათის სევდა; იმ შაბათის ზარი...იმ შაბათის ელდა, ის შაშვი და ქალი, რო მოთქვამდნენ ერთად... მე თქვენ ფიქრებს მივსდევ, ტანჯვის გზებით მივალ, რაც ღალატით დავთმეთ...გაყიდული მტკივა; გაირინდა სივრცე...გაიყინა წამი, ვაი, ვიწამლები მეც შაბათის შხამით... და თქვენსავით ახლა მზის წიაღში ვჩქარობ, სადაც ჩვენი რიწა მოლოდინით ხარობს... სადაც მაფშალია სევდიანად გალობს, გველოდებით ვიცი, ოჩამჩირევ, გალო; განა იმედების კელაპტრები ჩაქრა, ისევ ჩაგვიხუტებს ტყვარჩელი და გაგრა... შენ, სოხუმის წვიმავ...შენ, ზღვის ნიავ-ქარო, დაგეწაფოთ მინდა, ვით მწყურვალი წყაროს; მინდა გვესალბუნოთ, მინდა დაგიჩოქოთ, მინდა გესაუბროთ, მოგვენატრეთ როგორ... თქვენთან ხეტიალი და სიმღერა მინდა, ნიჟარების სითბო წამოვკრიფო ზღვიდან... შენ, აფხაზო ღვიძლო, ძუძუმტეო ჩემო, უბეში გყავს გველი, ერთგულებას ჩემობს... ზღვა-ხმელი სურს მოსკალს, თვალში გაყრის ნაცარს, გაიღვიძე მალე, ჩემო აფხიარცა... ნუთუ დაგავიწყეს მოძმე ჩონგურის ხმა, გულმა იგრძნოს გული, სისხლი იცნოს სისხლმა... შენ მოყვასის ნიღბით მოსეულო მტერო, მართლა გამარჯვება აღარ დაიჯერო... მოუარე შენსას, ტუნდრასა და ტრამალს, მე ჩემ ძუძუმტესთან, გასაყოფი რა მაქვს... გაიღვიძე მალე, ჩემო აფხიარცა... დავუაროთ ერთად ხორუმი და ფარცა... ვაგუგუნოთ, ძმებო, ვარადა და რერო, ლაჟვარდები ვხატოთ, სიყვარულზე ვწეროთ... ჩვენი ტკივილები უნდა გავამრთელოთ, ისევ ერთიანი იყოს საქართველო! როგორც გვახსოვს უწინ, როგორც იყო ადრე, ერთად ვუმკურნალოთ ჩვენ წყლულსა და დარდებს; ერთად გავლაღდებით, ერთად გავიხარებთ, გავათენებთ ერთად იმ შაბათის ღამეს... ერთად გავშლით სეფას, ერთად დავკლავთ ქაცარს, ერთად ავატირებთ ჩონგურ-აფხიარცას. ერთად გვაპკურებენ ბარძიმიდან მირონს, გაბრწყინდება ზღვა და ზეცა უნაპირო... ასეთია უფლის ნება-განაჩენი, ერთად შევსვათ ყანწი ჩვენი გადარჩენის...

No comments:

Post a Comment