ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Tuesday, March 2, 2010

მოწამლული მერიდიანი

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე,

როგორც ტკივილი უსაფეხურო...

ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს,

როდემდე უნდა იცადო გარეთ!

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე...

გისოსებსშორის ლომის სიარულს

არჩევს ცხოვრება-მკაცრი სატირა...

ღვთისმშობლის ხატი თუ აატირა

ორსახოვნებამ შენმა, იანუს!

გისოსებსშორის ლომის სიარულს...

კოჭლი დროება მართავს მასკარადს,

აჩხავლებულა ყვავების გუნდი...

რაში გჭირდება, მონარქის მუნდირს

თუ როგორ ირგებს ვინმე მასხარა...

კოჭლი დროება მართავს მასკარადს...

და მარყუჟივით გახრჩობს მანტია,

პირსისხლიანი ბორგავს იუდა...

იცი, იუდას მოყვრად ვინ უნდა,

რადგან გაცემა და ღალატია.

შენ მარყუჟივით გახრჩობს მანტია...

ცრუმორწმუნენი ჩუმად კვნესიან,

საოცრებაა თავის გატანა,

სულში გიძვრება როცა სატანა,-

მართალ ნაბიჯებს ზომავს მესია!

ცრუმორწმუნენი მაინც კვნესიან...

ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ

ვერ მოიმაგრა ფესვი სრულიად...

მერიდიანი მოწამლულია

და გასაჭირი ყველას ეყოფა!

ძმადშეფიცული მოძმის ხელყოფამ...

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე,

როგორც ტკივილი უსაფეხურო...

ჩრდილი როდემდე უნდა გეხუროს,

როდემდე უნდა იცადო გარეთ!

გიხსენებს ახლა დაღლილი მთვარე....

No comments:

Post a Comment