ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Tuesday, March 2, 2010

ციკლიდან ,,ჩუმი ძახილი''

ეს ციკლი ნატო კორსანტიას წიგნის-,,წართმეული ხმების’’ შთაგონებით დაიწერა.

გზა

უცხო მგზავრივით ეპარები მშობლიურ წიაღს; ზამთრისპირია, დაუფარავს ნამქერს გზაწვრილი... აქ ახლა ცივი ქარები ქრიან, ამ მიწას ახლა წართმეული მამული ჰქვია,- შენი სულის და ხორცის ნაწილი... აქვეა რეჩხი, მომლოდინე შენი ედემი, უწინდელივით აღარ ყეფენ სოფლის ძაღლები... და შორიახლო ხეთა მკრთალი სილუეტები ჩანან, ვით თოვლში თავდახრილი ბაირაღები... გადაქანცული გულში ჩუმად ნაბიჯებს ითვლი, თანდათანობით ერთგულების მძიმდება ტვირთი... მიძინებული ვარსკვლავები თვალებს ახელენ, გაფხიზლებს შიში, როგორც ზამთრის სუსხი და ყინვა... და იფურცლება ხსოვნის წიგნი, ცრემლები გამხელს, ჩამომარცვლული გაუსაძლის ტკივილის მძივად... ვეღარ იქნები ბედნიერი ამ მიწის გარეთ, ვეღარ იქნება სხვა სამყოფი შენი სახლივით... მიაყურადე...მოთქმასავით გადააქვთ ქარებს მიტოვებული საფლავების უხმო ძახილი.

ხეჭეჭურები

შემოპარვიათ თუმცა სიბერე, არ ეშინიათ მაინც წაქცევის... და დარაჯობენ ფუძეს ხეები, ვით მგლოვიარე სახლიკაცები. გავერანებულ სამოსახლოებს და გადახვეწილ ყველა ახლობელს, ვინ იცის, როგორ ელოდებიან, ვინ იცის, მართლა რასა ნაღვლობენ. ფესვებს მიწა და მიწას ფესვები სტკივათ და ხეებს აკრთობთ სიცხადე... და, საცა არი, სოფლის სამდურავს მწარე ნაყოფად გამოისხამენ. მათ ყოველივე იქნებ იციან, ქვეყნად რა ცოდვის კალო ტრიალებს... რადგან ღალატი არ შეუძლიათ, დგანან მომავლის მემატიანედ. ვინ იცის, წარსულს როგორ ნატრობენ, იქნებ აღსასრულს გრძნობენ თვითონვე... და ზეზეულად თუმცა კვდებიან სიკვდილის მერეც ხსოვნას გვითბობენ...

მწუხრი

ვინ დაარისხებს ახლა ზარებს გამოღმა, გაღმა... უჭირისუფლოდ დარჩენილმა რაღა ქნას ხალხმა... მიყურადება უნდა ტკივილს, მოთქმას და ძახილს, თორემ, საცაა, უიმედო იხუვლებს ხალხი... დადუმებულა მოქვის ზარი, ზარი ილორის, ზარი ბიჭვინთის, ზარი ლიხნის, ზარი ათონის... ოქროს ბარძიმში თუმც ერთობის ბრწყინავს მირონი... რაღა ქნას ხალხმა- მიტოვებულს ვინ ჰყავს პატრონი... დადუმებულან, გარინდულან ძველი ტაძრები, გადანაცრულა არემარე მწველი ხანძრებით... შეუბღალიათ წინაპართა ძვალშესალაგი, გაუწირიათ ქართველობა, როგორც ზვარაკი... შენ რას ჩურჩულებ, შენ რას იტყვი, ზარო ბედიის.. ჩამოწოლილა შენს ფრესკებზე მწუხრის მერდინი... როდისღა, ზარო, მწუხრი როდის უნდა გაფანტო, რომ ერთიანი საქართველო ისევ დაბადო.

No comments:

Post a Comment