ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Wednesday, September 26, 2012


Thursday, September 29, 2011

ჩემი წალენჯიხა


სხვა სული გაქვს და სხვა ფერი, სხვანაირად მელი...
ალიონზე მაფშალია სხვანაირად მღერის...
სხვა მზე გათბობს... სხვანაირი იცი წვიმაც, ნისლიც...
სხვანაირი ფერება და სიყვარული იცი...
სხვანაირი მასპინძელი გამიოცებ სტუმარს,
გულს გაუღებ, როგორც ჭიშკარს, ჩაიხუტებ უმალ...
მამაპაპურ ტაბლას გაშლი, იმ დალოცვილ ტაბლას,
არ იკმარებ ქაცარსა და ჩამოკიდებ ქაბლას...
აგვამღერებ,აგვაცეკვებ და აგვაფრენ მაღლა,
დარდს და წუხილს გაგვიქარვებ, დაგვავიწყებ დაღლას...
სამცაცხვიდან სხვანაირი გეფინება მადლი,
ფეხშიშველა მაცხოვარი თეთრ ღრუბლებზე დადის...
სხვანაირი მერეკელა, ზეცა ლაკადური,
სხვანაირად მორაკრაკე შენი ნაკადული...
სხვანაირი ენგური და სულ სხვა ჭანისწყალი,
სხვანაირი გუთნისდედა, ქედგამწევი ხარი...
სხვანაირი ოდაბადე, სხვა მიწა და კერა,
სხვანაირი ბავშვობა და ჩემი ბედისწერა...
გენთოს, როგორც კელაპტრები, შენ ხომ ტაძარიც ხარ,
ჩემი ლექსის სტრიქონები, ჩემო წალენჯიხა.


Thursday, March 4, 2010

ქორწილი პალურში



გელა კაპანაძის, ბაჩანა მოლაშხიას,
ირაკლი კუპატაძისა და ჩემი მონაწილეობით


1.
ყელს იღერებს ქორწილი,
ვით სისხამზე მამალი...
ტოლუმბაშით, ბილბაშით
და რჩეული ამალით...
ხვიჩა ბოში-უსუპი,
ნანა ცირა-ყამარი...
მორევია ორთავეს,
სიყვარულის წამალი...
სიტყვა წამოფრინდება,
როგორც მტრედი ფრთამალი,
ყანწზე დასვამს ბულბულებს,
ლხინის მხედართმთავარი...
ტოლუმბაში გულუხვი,
ბრწყინავს ლექსის ჯავარით...
ჯამსაც ეშხით გალოკავს,
ვით ირემი ქვამარილს...
ლაღობს გახარებული,
მასპინძელიც, სტუმარიც...
სხვა გემო და ლაზათი,
აქვს პალურულ პურ-მარილს...
ჭირშიც შეხიდებული,
გახალისდა სოფელი...
ნეფე-პატარძალი გვყავს,
ერთმანეთის სწორფერი...
გათამამდა ბახუსი,
სეფას ასდის ალმური...
სიყვარულით დამთვრალან,
ეროსიც და ამურიც...
გენაცვალე, ჯილაგო,
მენძელო და მაყარო...
ლამაზი ჩანს აქედან,
არეული სამყარო...
2.
კაპანაძე, ჯიმაგე,
დამილიე, ღვინო...
მერე გათენებამდე,
ტკბილად ვიღიღინოთ:
,,ართი კოჩიქ ქუმორთუ დო
ოსურს გირიგენქია...
ოსურ მარა, მუ ოსური,
გვალო გაკეთენცია’’...
და ეს ღამე კოლხური,
ნაბადივით გავთელოთ...
კარგი ვიცით მოლხენაც,
მეგრელებმა-ქართლელო...
გაშლილი გვაქვს გულებიც,
ისე, როგორც სეფა...
სტუმრის დამოყვრებამდე,
ვიცით დაფასება...
ჩვენი ძმობის სიმღერა,
რაკი მოგვგრის შვებას...
შენგან დაწუნებული,
ღვინოც დაილევა...
3.
საღამოა ნაქები,
მშვიდი, შემოდგომური...
ტოლუმბაში_ბილბაშის,
შერკინება ლომური...
მოაქვთ ხარისთავები,
როგორც ნაალაფარი...
მთვარე ისე ლაპლაპებს_
გეგონებათ ლამპარი...
გენაცვალე ნერჩო და
შემოგევლე, ჯალაბო...
ბევრი სადღეგრძელო მაქვს,
ბევრიც სალაპარაკო...
მერიქიფევ, ბატონო,
ვინ გაჯობებს სისხარტით...
სიყვარულით დავთვერი,
შენ კი ღვინოს მისხამდი...
თუმც არა ვარ შედანი,
ხელში ყანწი მიჭირავს...
და არც გულბაათი ვარ,
რომ დამათროს ჭინჭილამ...
ვიბრძვი მეომარივით,
ჩემი ხმლით და ფარითა...
მე ვერავის დავუთმობ,
ამ ვეება ხარის თავს...
4.
გენაცვალე ბილბაშო,
არ ყოფილხარ ჯაბანი...
ლექსად გავახმაურე,
ეს ლამაზი ამბავი...
კარგი შემხვდი მეტოქე,
პურადი და გულადი...
გაძლებისთვის გვირგვინსაც,
თავზე დაგახურავდი...
შეირგე და შემარგე,
სუფრის ხვავი, ბარაქა...
თუ არ დამიზავდები,
გამოგაცლი არაქათს...
იმ მეორე ხარის თავს,
განა შეგეცილები...
ასეც ხდება, ბრძოლაში
ზავდებიან გმირები...
გავახარეთ ჯალაბი,
მექორწილე კრებული...
და სოფელი დავტოვეთ,
მართლაც გაკვირვებული...
თავზე დაგვთენებია,
გაუმარჯოს ალიონს...
უფლის სადიდებელი,
ერთი ყანწიც დავლიოთ...
5.
კაპანაძე, ჯიმაგე,
თურმე ჩაგძინებია...
ნუთუ ვერ დაინახე,
სოფლად რა ცირებია...
დამიჯექი გვერდით და
დამილიე ღვინო...
ძველებური სიმღერა,
ერთად ვიღიღინოთ:
,,ვაი შური საყვარელი,
რინა მუში მამარდარე,
რინაშ ნება ქორდასნი,
ქანა მუში მაფართარე...’’

საახალწლო რექვიემი


მოდიხარ, მოგაქვს
უფლისმიერ სინათლის სხივით
გამთბარი ხსოვნა,
მიმავალში რომელიც ღვივის...
ამერ-იმერი_
მძაფრ მორევში დაშლილი ტივი...
უპირველესად, მომავალო,
გახვედრებს ტკივილს...
მიმავალ_კრწანისს,
შენ, მომავალს, გახვედრებთ დიდგორს...
ღიმილს და ხალისს,
ბედნიერი რომა ვართ თითქოს...
გახვედრებთ მამულს,
ოდითგან რომ მომხდური გვართმევს...
წუხილის ზღვას და
ბუდემოშლილ იმედის მართვეს...
გახვედრებთ ლოცვას,
დაივიწყა რომელიც კაცმა...
ძე შეცდომილნი
ყოველდღიურს
გახვედრებთ ჯვარცმას...
გახვედრებთ ცრემლებს
და მართალთა თვალების გლოვას...
აღტაცებას და გაკვირვებას,
ცოცხალი რომ ვართ.
გახვედრებთ სიტყვას,
სულზე დამღად ამოჭრილ სიტყვას...
ყოფნა-არყოფნის,
რა თქმა უნდა,გახვედრებთ კითხვას...
გახვედრებთ მიწას
და ქვეყანას_ჭრილობას ღიას;
რომელსაც დღემდე
მამული და სამშობლო ჰქვია...

***


...სურნელი.
...განუკურნელი
გალაკტიონი
ამ ცოდვილ სულში
ნაზამთრალი ჩიტები სხედან,
მიხსენებს სევდა,
როგორც წყლული განუკურნელი...
დამაწყე, დედა,
გულზე შენი თბილი ხელები
და მაგრძნობინე
ნაწვიმარი მიწის სურნელი...

ურბანისტული ელეგია


გადაიღალა ჩემი ქალაქი,
ცრუ იმედებით და ლაპარაკით...
ეს უცოდველი, მშვიდი ხეებიც
ქუჩებს შეწირეს, როგორც ზვარაკი.
ცხელა და ასფალტს ასდის ალმური,
თითქოს მიწიდან მესმის ხმაური:
როგორ გლოვობენ მამულს ფესვები,
ფესვებზე როგორ მოთქვამს მამული.
და ქრება ნელა ძველი ქალაქი,
არ ერიდება უკვე ხარაკირს...
,,სად განისვენოს სულმა?’’_არ ვიცი,
სად ჰპოვოს ხორცმა ძვალშესალაგი...
იქნებ მომხდურმა დასცა ბანაკი,_
გამიუცხოვდა ჩემი ქალაქი...
წარსულ დიდების ნეშტს მისტირიან
აქეთ მტკვარი და იქით არაგვი...

მინაწერი ბავშვის სურათზე


თუმც ცდილობ, ციცქნა ფრთები გაშალო,
შენ ვით გაუძლებ, შვილო, ქარტეხილს...
ეს ვინ წაგართვა ლაღი ბავშვობა,
ვინ მოგანატრა პურის ნატეხი.
გიმზერ და შენზე ფიქრი მაწვალებს,
თან მეუბნები: ნუ გამწირავთო...
არ ვიცი, მშიერს და მაწანწალას,
ტკივილის გარდა, რა გიწილადო.

ნოსტალგია




იქ შენი ცაა...სალოცავი,
როგორც ილორი...
შენი მწუხარე ოდაბადე
და თაგილონი;
იქ, იმ წიაღში,
მდინარის და მთების გადაღმა,
დღეს მონატრება ბონდის ხიდზე
სიზმრებს გადაყავს...
არ უწერია
სიყვარულის ზღვასაც დაშრობა,
რადგან ვერაფრით ვეღარ მოკლეს
შენში ბავშვობა...
მაინც იმედი...
თუმც იმედის ყანაც გამოხმა...
საფლავს საფლავი დაკარგვია,
გაღმას_გამოღმა.
აქეთ თბილისი...
იქით ძველი სამურზაყანო,_
ეს ორ ტკივილად გახლეჩილი
შენი სამყარო.

***

დავიღალე და გადამეღალა
სულიც, სხეულიც, როგორც ქვეყანას...
ირგვლივ გარემო ცოდვით დამძიმდა
და უფრო მეტად ყოფნა გაჭირდა.
და ეს სამყაროც ისე გაცივდა,
ამაზე ფიქრი უკვე არც მინდა...
მაინც რამდენი უნდა გაგრძელდეს,
მაინც როდემდე-ჯვარცმა ჯვარცმიდან...
მაინც რამდენი უნდა იდარდო,
უნდა იტანჯო და იქვითინო.
ეს ყველაფერი მაინც როდემდე
პატიმარივით უნდა ითმინო.
ეს შენი წილი მცირე სიცოცხლე,
ვის უნდა უძღვნა და შეალიო;
მაინც რამდენი შხამი, სამსალა,
რამდენი თასი უნდა დალიო...
სიკვდილო, დავრჩი უფლის ამარა,
მცრის ულმობელი დროის საცერი
და შენი ღია თვალი-სამარე,
როგორც მსტოვარი, სულში ჩამცქერის...

ნათლისცემის დღე

1.

გამოჩნდა იგი, ვინაც ცოდვა ჩვენი იტვირთა,

გამოჩნდა იგი, ვინც წყვდიადი გამოარღვია,

ვინც ჯვარცმით გვითხრა, დედამიწა დიდი სახლია

ცოდვის, რომელშიც სიყვარული გამოიფიტა.

გამოჩნდა იგი...დაწერილი, აჰა, აღსრულდა,

სადუკეველთა რისხვა მოდის, რისხვა ავსულთა,

ასე მართალი, ასე ჩუმი და უწყინარი;

ბრბო გაოცებას ვეღარ მალავს: ,,ღმერთო, ვინ არი?!’’

გამოჩნდა იგი, იოანე ვისაც ელოდა,

ბედნიერია დღეს მარტვილი ნათლისმცემელი...

ო, გიხაროდეს, იუდეა...მაგრამ ჰეროდე?-

რას იტყვის მეფე,-ეს ურწმუნო გალილეველი...

წყნარია ზეცა...გაირინდა ირგვლივ ტყე-ველი

და არემარეს უცხო შიშმაც გადაუარა...

დრონი მეფობენ, რა თქმა უნდა, დრონი-მეფენი,-

საკითხავია, ეს ანტიპას ესმის თუ არა.

გამოჩნდა იგი, უფლის კრავი, უფლის ტარიგი,

გამოჩნდა იგი, რწმენის თუნი, თვალსხივოსანი...

ანგელოზების შორეული ისმის ოსანა,

უკვე დრო არი, დავიჭიროთ სხვა თადარიგი...

და ექოსავით სადღაც მიაქვს ხმაურს მდინარის

ბრბოს გაოცება: ,,მომავალი, ღმერთო, ვინ არი?!’’

უკვე დრო არი...ისიც მოდის მარტო...ციერი...

წყნარია ზეცა...ჩუმად შფოთავს ძეხორციელი.


2.

დღეს სხვა სინათლით აღივსება რწმენის კუნძული,

აღიბეჭდება სხვა ნიშნით და სხვა სიმბოლოთი...

ჯანსაღს ჯანსაღი დაერქმევა, უძლურს-უძლური,

კეთილს-კეთილი, უწინარეს, ბოროტს-ბოროტი.

ჟამი კი მაინც იღრინება, ჟამი- ცერბერი,

თუმც სამერმისოდ ისევ ეძებს ნექტარს ფუტკარი...

დგას იოანე, როგორც რწმენის ციხე ბებერი,

მოდის ნათელი-უფრო ღრმა და თვალშეუდგამი.

მოდის მესია, როგორც მშვიდი მეუდაბნოე,

ამ მიწიერი ნეტარების მიწყივ დამთმობი...

ამიერიდან შეემატოს უკვდავ მნათობებს

უპირველესი და მნათობთა შორის მნათობი.

დგას იოანე...უპოვართა შორის მხოლოდ ის,

დიდი ხანია, შეეგუა მოსვლის მოლოდინს;

ფარისეველნი შესცქერიან ეჭვით, ამრეზით

და წინ სამყარო მოჩანს, როგორც სხვა ასპარეზი...

და იორდანეც ბრწყინავს, როგორც დიდი ემბაზი,

განწმენდილი და ურწმუნოთა განსაწმენდელი,

მოდის...ვინც უნდა მოსულიყო დაბადებამდე,

ძე ჭეშმარიტი...მტკიცე, როგორც ნათლის კედელი...


3.

ბედნიერი ხარ! –ეს რა ხვედრი გერგო, მდინარევ,

შენ თბილ წიაღში მაცხოვარი მოინათლება...

გადმოვა მადლი სულიწმინდის და, უწინარეს,

მიწა მზესავით გაბრწყინდება, ცა განათდება;

რომ სამერმისოდ საუკუნოდ მადლმა იხაროს,

ხემ სიკეთისამ რომ მოისხას ტკბილი ნაყოფი...

რომ სიყვარულით ოდნავ მაინც მიგვაახლოვოს

რწმენას, ვით მიზანს, როგორც საზრისს ყოფნა-არყოფნის.

თუმც მედროვენი, როგორც ახლა, მას უარყოფენ,

უარყოფა და ქრისტეს ჯვარცმა მათი წესია...

ჰოი, ცოდვილნო, გიხაროდენ!...ჟამი ახლოა,

ჩვენი სულების დასახსნელად მოდის მესია.

***

შეღებილია ცის კაბადონი
სისხლით და... ხელებს იბანს პილატე,
თუ არ ვიქენი შენი პატრონი,
ვის ეყვარები, ვინ მოგინატრებს.
მითაჟამიდან დავრჩით მარტონი,
თუმცა ღვთიური ღვივის სინათლე...
შეღებილია ცის კაბადონი
სისხლით და... ხელებს იბანს პილატე.

***

მივუყვები მე ჩემ გზაწვრილს,
ხან მათოვს და ხანაც მაწვიმს,
როგორც ზვავი, ჩამომიწვა
სულში სევდა სიბერის...
ნეკნებშუა გახირული,
გულია თუ ქვაყინული...
სინანულით იყურება,
ცისკენ ლიუციფერი.
ირგვლივ არც-რა გასახარი,
არც ძველი და არც ახალი,
გეკითხები: ეს სამყარო,
მართლა წუთისოფელი,-
განკითხვის ჟამს რა იმედით
ელოდება...რაიმეთი
გამოაღწევს ვითომ ლეთას
უფლის უარმყოფელი?
მივუყვები მე ჩემ გზაწვრილს,
ხან მათოვს და ხანაც მაწვიმს,
როგორც ზვავი, ჩამომიწვა
სულში სევდა სიბერის...
ნეკნებშუა გახირული,
გულია თუ ქვაყინული...
ხედავ?-ურცხვად იყურება,
ცისკენ ლიუციფერი.

ვაჩე ანდრონიკაშვილის საუბარი შულმანთან...

მიხო მოსულიშვილის რომანიდან,,უჟამო ჟამის რაინდი’’

ვერ მომისყიდი, ვიყო გამცემი
და კარგად იცი, ისკარიოტელ,
თავისუფლების ჯვარსაც მაცვამენ,
რომ საუკუნოდ სისხლი მდიოდეს.
რომ ჩემი სისხლით ჩემი არჩანდა
უცებ ცასავით ისე განათდეს,
ერთად გამოჩნდეს ყველა ლაჩარი,
ყველა ორგული და მოღალატე...
ცას უერთდება ჩემი ფესვები
და წინაპართა მესმის ძახილი:
არ დაეცემა შიშიონელი,
როგორც მამულის დროშა დახრილი...
ვიცი, სამშობლოც, როგორც რაინდი,
უნდა ვეძებო...უნდა მტკიოდეს...
მომაქვს სიმართლე_უფლის მახვილი
და გეშინოდეს, ისკარიოტელ!

Tuesday, March 2, 2010

***

შემოგეჩვია მწუხარება

და ფორიაქი

და ტვინში ღვივის ფიქრი-ტანჯვა,

როგორც თრიაქი...

ფიქრი, რომელიც

ხან გაფითრებს,

ხანაც გაოცებს...

ფიქრი ყოფითზე,

სიცოცხლეზე,

სასაფლაოზე...

ახლა ქარია,

ჩამოძენძეს

ქარი კედრებმა...

როცა მთვარეა,

ფიქრი მთვარეს

შეეკედლება.

როცა თოვაა,

(თოვა ზამთარს

როგორ შეჰფერის...)

გახმიანდება ფიქრი,

როგორც

ლექსის რეფრენი...

ამ წყვდიადიდან

სინათლისკენ მიემართები,

მოაქჟამამდე გზას გინათებს

ფიქრი-სანთელი.

ფიქრი-ოცნება,

ფიქრი-ლოცვა,

ფიქრი-ვედრება.

...ახლა ქარია,

ჩამოძენძეს ქარი კედრებმა.

...რადგანაც მიწა საესავი

ბრმა და ყრუ არი,

ცაში მთავრდება

ფიქრიანი გზა უტყუარი...

***

ხან სიყვარული წვიმასავით უეცრად მოდის, იშლება, როგორც პეიზაჟი, ლამაზი ხედი... ძვირფასო ევა!- მე ჩავიდენ ამაღამ ცოდვას, ვიცი, რომ ვეღარ შემაჩერებს ადამის ხვედრიც. შენ გქვია ლტოლვა- ცოდვის შიშზე რაღაცით მეტი- და ყველა მითზე იდუმალი, ცოცხალი მითი... მე ვიხანგრძლივებ სიცოცხლეს და აღმდგარი მკვდრეთით, ვებღაუჭები სიყვარულის ჩამოშლილ ქვითკირს რადგანაც იგი წვიმასავით უეცრად მოდის, მოდის და მერე გვაზიარებს რაღაცას ნამდვილს... ვიქნები შენი დონ ჟუანი... ჩავიდენ ცოდვას, დავრჩები ასე უეცარი წვიმების ბარდი...

ციკლიდან ,,სოფლის ჩანახატები’’

ეტიუდი

საოცარია ზამთრისპირის დილა სისხამი: კაკლის ხეები ნაყოფივით ჩიტებს ისხამენ... და ბუხრის კვამლიც იტოტება,მიიკლაკნება ნაკადულივით ცის წიაღში და...იკარგება. ძაღლი ყეფს... შორით ხრიწიანად ყივის მამალი... თვლემს ირგვლივ თეთრი მდუმარება- თოვლის ტრამალი.

***

ცივა.ბუხართან ვზივარ მთვრალი და მობუზული; მამა აბოლებს... დედაჩემი ჩუმად ბუზღუნებს... რამ გამოლიოს საფიქრალი და საწუხარი?.. რაღაც ვერ ათბობს ძველებურად ოთახს ბუხარიც... სერავს ყიამეთს ლამპის შუქი,ჭრაქის ციმციმი, არც ძველებური ქეიფია, აღარც სიცილი... იხსენებს მამა უწინდელი დროის პურ-მარილს - სანატრელიც კი გამიხდაო უკვე სტუმარი,- წუხს...და სოფელი - ლხინის შემწე,ჭირის გამტანი, ისეთი ცივი მეჩვენება, როგორც ზამთარი.

განშორების სერენადა

უნდა წავიდე...დაგშორდე უნდა,

წავიდე ისე, როგორც მიდიან...

თუმც განშორების ტანჯვა დიდია,

ამ ტანჯვას ნუღარ მიიტან გულთან.

ნუღარ გამკიცხავ...როგორც ჩვევიათ,

ნუ გამომიტან სასტიკ განაჩენს,

თუმც შენი ტანჯვა ისევ ჩემია,

შენ ჩემი წასვლით უნდა გადარჩე...

ზამთრისპირის საღამო

ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,თბილისს გადავხედო მთაწმინდიდან...თოვს და ჰაერივით ეს ქვეყანაცთითქოს ცოდვებისგან გაიწმინდა.უცებ ნოემბერმა გააოცა,ყველა უბანი და ყველა ქუჩა...თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ,ლამის სატკივარიც გააყუჩა.თუმცა მარადიულ ცოდვის ტალახს,შენც ვერ მოგვაცილებ, ნატვრისთვალო...მინდა, თოვლში ვიდგე, თოვლში, ახლა,მინდა, ფანტელები დავითვალო...ბარდნის გაბმულად და ნება-ნება,ფანტელს მონატრების დარდიც მიაქვს...ახლა ადვილია პატიება,ახლა შეყვარებაც ადვილია...ახლა ლამაზია ეს ქვეყანა,თოვლის მკლავებში რო გაირინდა...ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,თბილისს გადავხედო მთაწმინდიდან...

ცრემლის სერენადა

მოხეტიალე, ვით ბედუინი,შენ მაინც სხვისთვის არ გემეტები;და იცრემლები...თითქო ბუდიდან,ამოფრენილან თეთრი მტრედები.ისე ვილევი და ვიფანტები,როგორც სველ თოვლზე ნაფეხურები...ჰა, ჩემი სულიც - თოვლის ფანტელი,სავსე ქარებით და ბეღურებით...

ციკლიდან ,,ჩუმი ძახილი''

ეს ციკლი ნატო კორსანტიას წიგნის-,,წართმეული ხმების’’ შთაგონებით დაიწერა.

გზა

უცხო მგზავრივით ეპარები მშობლიურ წიაღს; ზამთრისპირია, დაუფარავს ნამქერს გზაწვრილი... აქ ახლა ცივი ქარები ქრიან, ამ მიწას ახლა წართმეული მამული ჰქვია,- შენი სულის და ხორცის ნაწილი... აქვეა რეჩხი, მომლოდინე შენი ედემი, უწინდელივით აღარ ყეფენ სოფლის ძაღლები... და შორიახლო ხეთა მკრთალი სილუეტები ჩანან, ვით თოვლში თავდახრილი ბაირაღები... გადაქანცული გულში ჩუმად ნაბიჯებს ითვლი, თანდათანობით ერთგულების მძიმდება ტვირთი... მიძინებული ვარსკვლავები თვალებს ახელენ, გაფხიზლებს შიში, როგორც ზამთრის სუსხი და ყინვა... და იფურცლება ხსოვნის წიგნი, ცრემლები გამხელს, ჩამომარცვლული გაუსაძლის ტკივილის მძივად... ვეღარ იქნები ბედნიერი ამ მიწის გარეთ, ვეღარ იქნება სხვა სამყოფი შენი სახლივით... მიაყურადე...მოთქმასავით გადააქვთ ქარებს მიტოვებული საფლავების უხმო ძახილი.

ხეჭეჭურები

შემოპარვიათ თუმცა სიბერე, არ ეშინიათ მაინც წაქცევის... და დარაჯობენ ფუძეს ხეები, ვით მგლოვიარე სახლიკაცები. გავერანებულ სამოსახლოებს და გადახვეწილ ყველა ახლობელს, ვინ იცის, როგორ ელოდებიან, ვინ იცის, მართლა რასა ნაღვლობენ. ფესვებს მიწა და მიწას ფესვები სტკივათ და ხეებს აკრთობთ სიცხადე... და, საცა არი, სოფლის სამდურავს მწარე ნაყოფად გამოისხამენ. მათ ყოველივე იქნებ იციან, ქვეყნად რა ცოდვის კალო ტრიალებს... რადგან ღალატი არ შეუძლიათ, დგანან მომავლის მემატიანედ. ვინ იცის, წარსულს როგორ ნატრობენ, იქნებ აღსასრულს გრძნობენ თვითონვე... და ზეზეულად თუმცა კვდებიან სიკვდილის მერეც ხსოვნას გვითბობენ...

მწუხრი

ვინ დაარისხებს ახლა ზარებს გამოღმა, გაღმა... უჭირისუფლოდ დარჩენილმა რაღა ქნას ხალხმა... მიყურადება უნდა ტკივილს, მოთქმას და ძახილს, თორემ, საცაა, უიმედო იხუვლებს ხალხი... დადუმებულა მოქვის ზარი, ზარი ილორის, ზარი ბიჭვინთის, ზარი ლიხნის, ზარი ათონის... ოქროს ბარძიმში თუმც ერთობის ბრწყინავს მირონი... რაღა ქნას ხალხმა- მიტოვებულს ვინ ჰყავს პატრონი... დადუმებულან, გარინდულან ძველი ტაძრები, გადანაცრულა არემარე მწველი ხანძრებით... შეუბღალიათ წინაპართა ძვალშესალაგი, გაუწირიათ ქართველობა, როგორც ზვარაკი... შენ რას ჩურჩულებ, შენ რას იტყვი, ზარო ბედიის.. ჩამოწოლილა შენს ფრესკებზე მწუხრის მერდინი... როდისღა, ზარო, მწუხრი როდის უნდა გაფანტო, რომ ერთიანი საქართველო ისევ დაბადო.