ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!:)

Wednesday, September 26, 2012


Thursday, September 29, 2011

ჩემი წალენჯიხა


სხვა სული გაქვს და სხვა ფერი, სხვანაირად მელი...
ალიონზე მაფშალია სხვანაირად მღერის...
სხვა მზე გათბობს... სხვანაირი იცი წვიმაც, ნისლიც...
სხვანაირი ფერება და სიყვარული იცი...
სხვანაირი მასპინძელი გამიოცებ სტუმარს,
გულს გაუღებ, როგორც ჭიშკარს, ჩაიხუტებ უმალ...
მამაპაპურ ტაბლას გაშლი, იმ დალოცვილ ტაბლას,
არ იკმარებ ქაცარსა და ჩამოკიდებ ქაბლას...
აგვამღერებ,აგვაცეკვებ და აგვაფრენ მაღლა,
დარდს და წუხილს გაგვიქარვებ, დაგვავიწყებ დაღლას...
სამცაცხვიდან სხვანაირი გეფინება მადლი,
ფეხშიშველა მაცხოვარი თეთრ ღრუბლებზე დადის...
სხვანაირი მერეკელა, ზეცა ლაკადური,
სხვანაირად მორაკრაკე შენი ნაკადული...
სხვანაირი ენგური და სულ სხვა ჭანისწყალი,
სხვანაირი გუთნისდედა, ქედგამწევი ხარი...
სხვანაირი ოდაბადე, სხვა მიწა და კერა,
სხვანაირი ბავშვობა და ჩემი ბედისწერა...
გენთოს, როგორც კელაპტრები, შენ ხომ ტაძარიც ხარ,
ჩემი ლექსის სტრიქონები, ჩემო წალენჯიხა.


Thursday, March 4, 2010

ქორწილი პალურში



გელა კაპანაძის, ბაჩანა მოლაშხიას,
ირაკლი კუპატაძისა და ჩემი მონაწილეობით


1.
ყელს იღერებს ქორწილი,
ვით სისხამზე მამალი...
ტოლუმბაშით, ბილბაშით
და რჩეული ამალით...
ხვიჩა ბოში-უსუპი,
ნანა ცირა-ყამარი...
მორევია ორთავეს,
სიყვარულის წამალი...
სიტყვა წამოფრინდება,
როგორც მტრედი ფრთამალი,
ყანწზე დასვამს ბულბულებს,
ლხინის მხედართმთავარი...
ტოლუმბაში გულუხვი,
ბრწყინავს ლექსის ჯავარით...
ჯამსაც ეშხით გალოკავს,
ვით ირემი ქვამარილს...
ლაღობს გახარებული,
მასპინძელიც, სტუმარიც...
სხვა გემო და ლაზათი,
აქვს პალურულ პურ-მარილს...
ჭირშიც შეხიდებული,
გახალისდა სოფელი...
ნეფე-პატარძალი გვყავს,
ერთმანეთის სწორფერი...
გათამამდა ბახუსი,
სეფას ასდის ალმური...
სიყვარულით დამთვრალან,
ეროსიც და ამურიც...
გენაცვალე, ჯილაგო,
მენძელო და მაყარო...
ლამაზი ჩანს აქედან,
არეული სამყარო...
2.
კაპანაძე, ჯიმაგე,
დამილიე, ღვინო...
მერე გათენებამდე,
ტკბილად ვიღიღინოთ:
,,ართი კოჩიქ ქუმორთუ დო
ოსურს გირიგენქია...
ოსურ მარა, მუ ოსური,
გვალო გაკეთენცია’’...
და ეს ღამე კოლხური,
ნაბადივით გავთელოთ...
კარგი ვიცით მოლხენაც,
მეგრელებმა-ქართლელო...
გაშლილი გვაქვს გულებიც,
ისე, როგორც სეფა...
სტუმრის დამოყვრებამდე,
ვიცით დაფასება...
ჩვენი ძმობის სიმღერა,
რაკი მოგვგრის შვებას...
შენგან დაწუნებული,
ღვინოც დაილევა...
3.
საღამოა ნაქები,
მშვიდი, შემოდგომური...
ტოლუმბაში_ბილბაშის,
შერკინება ლომური...
მოაქვთ ხარისთავები,
როგორც ნაალაფარი...
მთვარე ისე ლაპლაპებს_
გეგონებათ ლამპარი...
გენაცვალე ნერჩო და
შემოგევლე, ჯალაბო...
ბევრი სადღეგრძელო მაქვს,
ბევრიც სალაპარაკო...
მერიქიფევ, ბატონო,
ვინ გაჯობებს სისხარტით...
სიყვარულით დავთვერი,
შენ კი ღვინოს მისხამდი...
თუმც არა ვარ შედანი,
ხელში ყანწი მიჭირავს...
და არც გულბაათი ვარ,
რომ დამათროს ჭინჭილამ...
ვიბრძვი მეომარივით,
ჩემი ხმლით და ფარითა...
მე ვერავის დავუთმობ,
ამ ვეება ხარის თავს...
4.
გენაცვალე ბილბაშო,
არ ყოფილხარ ჯაბანი...
ლექსად გავახმაურე,
ეს ლამაზი ამბავი...
კარგი შემხვდი მეტოქე,
პურადი და გულადი...
გაძლებისთვის გვირგვინსაც,
თავზე დაგახურავდი...
შეირგე და შემარგე,
სუფრის ხვავი, ბარაქა...
თუ არ დამიზავდები,
გამოგაცლი არაქათს...
იმ მეორე ხარის თავს,
განა შეგეცილები...
ასეც ხდება, ბრძოლაში
ზავდებიან გმირები...
გავახარეთ ჯალაბი,
მექორწილე კრებული...
და სოფელი დავტოვეთ,
მართლაც გაკვირვებული...
თავზე დაგვთენებია,
გაუმარჯოს ალიონს...
უფლის სადიდებელი,
ერთი ყანწიც დავლიოთ...
5.
კაპანაძე, ჯიმაგე,
თურმე ჩაგძინებია...
ნუთუ ვერ დაინახე,
სოფლად რა ცირებია...
დამიჯექი გვერდით და
დამილიე ღვინო...
ძველებური სიმღერა,
ერთად ვიღიღინოთ:
,,ვაი შური საყვარელი,
რინა მუში მამარდარე,
რინაშ ნება ქორდასნი,
ქანა მუში მაფართარე...’’

საახალწლო რექვიემი


მოდიხარ, მოგაქვს
უფლისმიერ სინათლის სხივით
გამთბარი ხსოვნა,
მიმავალში რომელიც ღვივის...
ამერ-იმერი_
მძაფრ მორევში დაშლილი ტივი...
უპირველესად, მომავალო,
გახვედრებს ტკივილს...
მიმავალ_კრწანისს,
შენ, მომავალს, გახვედრებთ დიდგორს...
ღიმილს და ხალისს,
ბედნიერი რომა ვართ თითქოს...
გახვედრებთ მამულს,
ოდითგან რომ მომხდური გვართმევს...
წუხილის ზღვას და
ბუდემოშლილ იმედის მართვეს...
გახვედრებთ ლოცვას,
დაივიწყა რომელიც კაცმა...
ძე შეცდომილნი
ყოველდღიურს
გახვედრებთ ჯვარცმას...
გახვედრებთ ცრემლებს
და მართალთა თვალების გლოვას...
აღტაცებას და გაკვირვებას,
ცოცხალი რომ ვართ.
გახვედრებთ სიტყვას,
სულზე დამღად ამოჭრილ სიტყვას...
ყოფნა-არყოფნის,
რა თქმა უნდა,გახვედრებთ კითხვას...
გახვედრებთ მიწას
და ქვეყანას_ჭრილობას ღიას;
რომელსაც დღემდე
მამული და სამშობლო ჰქვია...

***


...სურნელი.
...განუკურნელი
გალაკტიონი
ამ ცოდვილ სულში
ნაზამთრალი ჩიტები სხედან,
მიხსენებს სევდა,
როგორც წყლული განუკურნელი...
დამაწყე, დედა,
გულზე შენი თბილი ხელები
და მაგრძნობინე
ნაწვიმარი მიწის სურნელი...

ურბანისტული ელეგია


გადაიღალა ჩემი ქალაქი,
ცრუ იმედებით და ლაპარაკით...
ეს უცოდველი, მშვიდი ხეებიც
ქუჩებს შეწირეს, როგორც ზვარაკი.
ცხელა და ასფალტს ასდის ალმური,
თითქოს მიწიდან მესმის ხმაური:
როგორ გლოვობენ მამულს ფესვები,
ფესვებზე როგორ მოთქვამს მამული.
და ქრება ნელა ძველი ქალაქი,
არ ერიდება უკვე ხარაკირს...
,,სად განისვენოს სულმა?’’_არ ვიცი,
სად ჰპოვოს ხორცმა ძვალშესალაგი...
იქნებ მომხდურმა დასცა ბანაკი,_
გამიუცხოვდა ჩემი ქალაქი...
წარსულ დიდების ნეშტს მისტირიან
აქეთ მტკვარი და იქით არაგვი...

მინაწერი ბავშვის სურათზე


თუმც ცდილობ, ციცქნა ფრთები გაშალო,
შენ ვით გაუძლებ, შვილო, ქარტეხილს...
ეს ვინ წაგართვა ლაღი ბავშვობა,
ვინ მოგანატრა პურის ნატეხი.
გიმზერ და შენზე ფიქრი მაწვალებს,
თან მეუბნები: ნუ გამწირავთო...
არ ვიცი, მშიერს და მაწანწალას,
ტკივილის გარდა, რა გიწილადო.